დელტა
საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება იწყება

საქართველოში ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის GI-4 (5.56) წარმოება იწყება, - ქართულ-ებრაულ საწარმოში - „დელტა სიეიეი“, რომელიც „დელტას“ ბაზაზე გაიხსნა, ნატოს სტანდარტის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების პროცესს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო.

მთავრობის მეთაურმა საწარმოს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ავტომატის ყველა ნაწილი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ადგილზე იქნება წარმოებული.

„ეს არის კიდევ ერთი შესრულებული საქმე, ჩვენი დაპირება, რომელიც მე დაახლოებით ერთი წლის წინ გავაჟღერე. ამ საკითხზე ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა და თქვენ ხედავთ ავტომატური შაშხანების ერთობლივ საწარმოს. აქ ჩვენ ჩამოვიტანეთ უმაღლესი დონის, ამერიკული ჩარხი-დანადგარები, ეს არის უმაღლესი დონის უახლესი ტექნოლოგია და ავტომატის წარმოების ყველა დეტალი აქ მზადდება. ჩვენ დღეს უკვე ოფიციალურად გავხსენით საწარმო და დავიწყებთ M4-ის ტიპის მსგავსი GI-4-ების წარმოებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ „დელტას“ და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს ამ ძალიან მნიშვნელოვან საწარმოს. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ავტომატის ყველა დეტალი, მათ შორის პლასტმასის დეტალები, ყველაფერი ადგილზე იქნება წარმოებული. ჩვენ დავატრენინგეთ ჩვენი პერსონალი, ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ვულოცავ ამ მეტად მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საწარმოში დამზადებული ნატოს სტანდარტების შესაბამისი შაშხანები GI-4 (5.56) საქართველოს თავდაცვის ძალებს გადაეცემა, რაც ხელს შეუწყობს სამხედრო ქვედანაყოფების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის პროცესს. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის GI-4 (5.56) ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.

ახალი ქართულ-ებრაული საწარმო აღჭურვილია წამყვან ქვეყნებში წარმოებული უახლესი ჩარხ-დანადგარებით და GI-4 (5.56) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი ადგილზე წარიმართება. საწარმოს ფუნქციური დატვირთვა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება, რაც სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოების შესაძლებლობას შექმნის. საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობაც. ასევე, სამომავლოდ დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება. საწარმო დაკომპლექტებულია უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული კურსდამთავრებულებით, რომლებმაც შესაბამისი გადამზადება უკვე გაიარეს.

+
აზერბაიჯანის ელჩის ვიზიტი

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი და სამხედრო ატაშეები ეწვივნენ. სტუმრები ორგანიზაციის სპეციფიკას გაეცნენ და საწარმოებში სამუშაო პროცესს დაესწრნენ. ოფიციალურ შეხვედრაზე ცენტრ „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ და ელჩმა ალი კაან ორბაიმ  სხვადასხვა საკითხი განიხილეს და რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილის სტუმრობა დელტაში
სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალ-პოლკოვნიკი კარიმ ვალიევი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ეწვია. სტუმრებს ცენტრის გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, განხილული იყო „დელტას“ საწარმოო შესაძლებლობები და განხორციელებული პროექტები. სტუმრებმა ცენტრის ტერიტორია, საწარმოები და მზა პროდუქცია დაათვალიერეს, მინისტრის მოადგილე ასევე დაესწრო სამხედრო პროდუქციის დამზადების პროცესს და ადგილზე გაეცნო „დელტას“ წარმოების სპეციფიკას.
შეხვედრის ბოლოს კარიმ ვალიევს, სამახსოვრო საჩუქრად, „დელტას“ მიერ დამზადებული გრავირებული დანა გადაეცა.
„დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა თავდაცვის ძალებს გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალების ადგილობრივი ჯავშანმანქანებით აღჭურვა გრძელდება. ამჯერად, თავდაცვის ძალებს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული 6 ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „დიდგორი მედევაკების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრი დეტალურად გაეცნო „დიდგორი მედევაკის“ ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს და ჯავშანმანქანა პირადად გამოსცადა.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალშიც გაგრძელდება.

სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული.
სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა. „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა 2020 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში გადაეცა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის განახლების პროექტები

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის განახლებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ცენტრის თანამშრომლების მიერ კაპიტალურად გარემონტდა სეტყვის საწინააღმდეგო 84 დანადგარი, მიმდინარე სეზონისათვის შეძენილ იქნა 5 000-ზე მეტი რაკეტა, ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და დამუშავების მიზნით, მართვის ცენტრს ჩაუტარდა პროგრამული მოდერნიზაცია, გერმანელი სპეციალისტის მიერ კი განხორციელდა რადარის ნაწილობრივი განახლება. ასევე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის 15-მდე თანამშრომელმა საბრძოლო მასალებთან მუშაობის წესების შესახებ გადამზადება გაიარა.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა „დელტას“ ბაზაზე  შეიქმნა და მისი მიზანი კახეთის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სეტყვისაგან დაცვა და მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა. სისტემა კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტს მოიცავს, ხოლო დასაცავი ტერიტორიის ფართობი 800 000 ჰექტარია. „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში მეტეო პროცესებზე დაკვირვება 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ევროკავშირის წარმომადგენლების ვიზიტი

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ ევროკავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ. ევროკავშირის სამხედრო შტაბის თავმჯდომარეს, ვიცე-ადმირალ ერვე ბლეჟანსა და დელეგაციის სხვა წევრებს სსსტც „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ლოლაძემ უმასპინძლა და ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ცენტრის საწარმოო შესაძლებლობები და განხორციელებული პროექტები.  შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა „დელტას“ ტერიტორია და საწარმოში დამზადებული სხვადასხვა სახის ტექნიკა დაათვალიერეს.

1 2 3 19