გადმოსადგმელი 120 მმ კალიბრიანი ნაღმსატყორცნის მოდულით აღჭურვილი „დიდგორი მეომარის“ დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა. შეჯავშნული პლატფორმის, მობილურობის მაღალი მაჩვენებლების და საბრძოლო პოზიციის დაკავება-დატოვებისთვის საჭირო უმცირესი დროის გათვალისწინებით მანქანა შესაძლებელია გამოყენებული იქნას მექანიზირებული ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერისთვის სამანევრო ოპერაციებში. 120 მმ კალიბრიანი საარტილერიო მოდული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ უკანა საბრძოლო ნაკვეთურშია დამონტაჟებული, სისტემა აღჭურვილია სტანდარტული ნაღმსატყორცნისგან განსხვავებული, შედარებით დიდი ზომის მართკუთხა საყრდენი ფილით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემას ბევრად უფრო ეფექტურად ანაწილებს გრუნტზე. სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანისას საყრდენი ფილა და მასზე დამონტაჟებული 120 მმ-იანი ლულა სპეციალური ჰიდრავლუკური მექანიზმით დაბლა ჩამოიწევა, მანქანის უკანა ბორბლები კი სროლისას ხისტად დაფიქსირებისთვის ჰაერში იწევა.სალაშქრო მდგომარეობაში ლულა სპეციალური ჩამკეტი მექანიზმით ფიქსირდება. საბრძოლო ნაწილის სროლითი ბალისტიკური მონაცემები იდენტურია „დელტას“ წარმოებული კლასიკური კონსტრუქციის ბუქსირებადი ნაღმსატყორცნისა. სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური ნაღმებით სროლა შესაძლებელია სრული მუხტებით, მაქსიმალურ 7100 და მინიმალურ 480 მეტრამდე მანძილზე. ნაღმსატყორცნიდან შესაძლებელია როგორც საბჭოური ასევე NATO-ს სტანდარტის სხვადასხვა ტიპის ნაღმების სროლა. მანქანის საბრძოლო კომპლექტი 24 ნაღმისგან შედგება, რომლებიც საარტილერიო მოდულის ორივე მხარეს სპეციალურ სათავსოებში 12-12 ცალია განთავსებული. ნაღმსატყორცნის ტექნიკური სწრაფსროლა სტანდარტული ბუქსირებადის მსგავსად წუთში 15 გასროლაა. არსებულ მოდულზე შესაძლებელია სხვა ტიპის 120 მმ კალიბრიანი გლუვ და კუთხვილლულიანი ნაღმსატყორცნების ინტეგრაციაც.
მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა “დიდგორი მეომარი” წარმოადგენს უნივერსალურ მოდულურ პლატფორმას სხვადასხვა დანიშნულების და კონფიგურაციის საბრძოლო და მხარდამჭერი მანქანებისთვის.
ჯავშანმანქანა გამოირჩევა ძლიერი შეჯავშნით, მაღალმანევრულობით და სხვადასხვა ტიპის რელიეფზე ადაპტირებული მაღალი გამავლობის მაჩვენებლებით.
მანქანის ეკიპაჟი შედგება 5 კაცისგან: მანქანის მეთაური, მძღოლ მექანიკოსი, დისტანციური მოდულის ოპერატორი და ორკაციანი დესანტი ან სხვადასხვა მძიმე შეიარაღების ოპერატორი.
მანქანის ორფენიანი ჯავშანი EN1063 სტანდარტის BR7+ დონეს შეესაბამება. მოდიფიცირებული და გაძლიერებული სავალი ნაწილი სხვადასხვა რელიეფზე შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას იძლევა.
კორპუსის უკანა ნაწილი წარმოადგენს მოდულურ ნაკვეთურს რომელზეც მანქანის მოდიფიკაციის მიხედვით შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულების მოდულის მიბმა, როგორებიცაა ავტომატიზირებული ნაღმსატყორცნის მოდული, სადაზვერვო მოდული, ტანკსაწინააღმდეგო მოდული, საზენიტო მოდული, რადიოქიმიური დაზვერვის მოდული და სხვა.
სსსტც “დელტა” პოტენციურ კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების მძიმე საინჟინრო ტექნიკის შეჯავშნის პროგრამებს.
ტექნიკის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც მსუბუქი ასევე მძიმე ჯავშნით სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად, მათ შორის საბრძოლო მასალებით დაბინძურებული ტერიტორიების გაწმენდითი ოპერაციებისთვის.
სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა განკუთვნილია დაჭრილი ჯარისკაცების უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად. უნივერსალურ 4×4 შასიზე აგებული ჯავშანმანქანა მთლიანად დაპროექტებულია, აწყობილია
და შემოწმებულია სახელმწოფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ მიერ.
მანქანას გააჩნია 356 ცხ/ძალის სიმძლავრის V8 ტიპის ორმაგი ტურბო დიზელის ძრავი. ეს საშუალებას იძლევა მანქანამ ასფალტირებულ გზაზე 120 კმ/საათი სიჩქარე განავითაროს.
ჯავშანმანქანას გააჩნია მაღალი დონის EN1063 BR7+ სტანდარტის შესაბამისი ჯავშანდაცვა, რაც ორ ფენიანი ჯავშნით მიიღწევა.
ჯავშანფილები უზრუნველყოფს ახლო მანძილიდან ნასროლი 7,62 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიების და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევების შეკავებას.
მანქანის უკანა ნაკვეთურში განთავსებულია ოთხი ერთეული საკაცე და სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა.
მაღალი გამავლობა: მძლავრი V8 ორმაგი ტურბო ძრავის სიმძლავრე-წონის მაღალი კოეფიციენტი
სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანას საშუალებას აძლევს განავითაროს 120 კმ/საათში სიჩქარე ნებისმიერი რელიეფისა და კლიმატის პირობებში.
მაღალი დონის დაცვა: კორპუსის სტრუქტურაში გამოყენებული ჯავშანფილები ისეთი კუთხით არის განლაგებული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს ეფექტური დაცვა კინეტიკური და ნაღმის დარტყმის ძალის საფრთხისგან. მანქანის ძირი დამზადებულია ჯავშანფოლადის ფენისგან – ხოლო დაცვის დონე გაძლიერებულია დამატებითი ჯავშანპანელებით, რომლებიც დაზიანების შემდეგ მარტივად შეიძლება შეიცვალოს.
მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად.
ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან.
მანქანას გააჩნია 3 ფენიანი სენდვიჩის ტიპის დაჯავშნული ფსკერი. შუა ფენა ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღას შთანთქავს, დანარჩენი ორი კი ეკიპაჟს ნამსხვრევებისგან იცავს.
მანქანას გააჩნია მოდულური კონსტრუქცია, რაც საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ათეულობით სხვადასხვა მოდიფიკაციის და სხვადასხვა შეიარაღების მატარებელი საბრძოლო მანქანა.
სტანდარტულ მოდიფიკაციაში მანქანა შეიარაღებულია 7,62 მმ კალიბრის M-134 G Minigun-ის ტიპის ექვსლულიანი სწრაფმსროლელი ტყვიამფრქვევით ან დისტანციური მართვის საბრძოლო მოდულით, რომელშიც დამონტაჟებულია 12,7 მმ НСВ და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ-იანი ПКТ-ს ტიპის ტყვიამფრქვევები.
ინტეგრირებული ქსელების მანქანა — დიდგორის ტიპის მულტიფუნქციურ პლატფორმაზე შექმნილი სპეციალიზირებული კავშირგაბმულობის მანქანა. მისი დანიშნულებაა ბრიგადის დონის საჯარისო შენაერთის შტაბსა და საბრძოლო ქვედანაყოფებს შორის გამართული კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა. მანქანა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ამერიკულ კომპანია Harris Corporation-თან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით დაამზადა. საჯარო პრეზენტაცია 2014 წლის 28 იანვარს შედგა.
მანქანა შექმნილია დიდგორი 1-ის ტიპის ჯავშანმანქანის ბაზაზე. მისი ჯავშანკორპუსი ორ ნაწილადაა გაყოფილი. წინა ნაწილში განლაგებულია 5 კაციანი ეკიპაჟი, უკანა ნაწილში კი Harris-ის ფირმის სამხედრო კავშირგაბმულობის აპარატურა. მანქანა აღჭურვილია გლობალური ნავიგაციის სისტემით და დამატებითი კონდიციონერით.
მუხლუხოიანი მსუბუქი ქვეითთა საბრძოლო მანქანა, განკუთვნილია მექანიზირებული ათეულის უშუალოდ ფრონტის წინა ხაზამდე უსაფრთხოდ გადასაყვანად და მათი საცეცხლე მხარდაჭერისთვის.
ჯავშანი კომბინირებული ტიპისაა და წინა პროექციიდან უზრუნველყოფს 14,5 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან დაცვას. ფსკერის ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა STANAG-ის IV დონისაა და 10 კილოგრამი ტროტილის ექვივალდენტ აფეთქებაზეა გათვლილი. მოდულური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა ბორტებზე დამონტაჟდეს დამატებითი საჯავშნე ელემენტებიც.
მანქანას გააჩნია სტანდარტული ქსმ-ის კონსტრუქცია, მის წინა მარჯვენა ნაწილში განთავსებულია ძრავის ნაკვეთური, მის მარცხნივ მძღოლ-მექანიკოსი. უკანა ნაწილი მთლიანად სადესანტო ნაკვეთურს უკავია. პირადი შემადგენლობის მანქანიდან სწრაფი დესანტირებისთვის კი დაყენებულია გასაშლელი რამპა, რომელშიც დამატებით ამოჭრილია პატარა კარი.
სავალი ნაწილი მუხლუხიანია, გააჩნია ტორსიონალური დაკიდების სისტემა და ხუთი წყვილი საყრდენი ბორბალი. მუხლუხოებზე გზის საფარის დასაცავად დაყენებულია რეზინის დამცავი ბუნიკები.
კორპუსის წინა და უკანა ნაწილში დამონტაჟებულია დღეღამური ხედვის კამერები საიდანაც მიღებული გამოსახულება მძღოლ-მექანიკოსის სამუშაო ადგილზე დამონტაჟებულ მონიტორებზე გამოდის.
მანქანაზე შეიარაღების სახით დამონტაჟებულია დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული 23 მმ კალიბრის 2A14 ტიპის ავტომატური ქვემეხით და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ კალიბრის ПКТ-ს ტიპის სატანკო ტყვიამფრქვევით. სამიზნის აღმოსაჩენად და იდენტიფიცირებისთვის მოდულზე დამონტაჟებულია დღეღამური ხედვის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობები, ცეცხლის მართვის სისტემა კი განთავსებულია სადესანტო ნაკვეთურში, მძღოლ-მექანიკოსის უკან. წინა ნაწილში დამატებით დაყენებულია 8 ერთეული საკვამლე მორტირა.
მსოფლიო ქვეყნების არმიებში ფართოდ გავრცელებული სადაზვერვო ჯავშანმანქანა ბრდმ 2-ის მოდერნიზაციის პროგრამა. მოდერნიზაცია ითვალისწინებს მთელ რიგ კონსტრუქციულ ცვლილებებს.
მანქანაზე მოძველებული შეიარაღების სისტემის ნაცვლად დაყენებულია დისტანციური მართვის საბრძოლო მოდული 23 მმ 2A14 ტიპის ავტომატური ქვემეხით და მასთან შეწყვილებული 7,62 მმ კალიბრის ПКТ-ს ტიპის ტყვიამფრქვევით.
წინა პროექციაში გაძლიერებულია ჯავშანი, ბორტებზე დატანებულია ორი დამატებითი კარი. მარჯვენა და მარცხენა ბორტებზე დამონტაჟებულია 4-4 საკვამლე მორტირა.
მანქანის წინა ნაწილში დაყენებულია დღე-ღამური ხედვის კამერა, საიდანც მიღებული გამოსახულება მძღოლ-მექანიკოსის და მემიზნე-ოპერატორის სამუშაო ადგილებზე დამონტაჟებულ მონიტორებზე გამოდის. გაუქმებულია ტრიპლექსები, ხედვის არეალის გასაზრდელად წინა მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში დამატებულია ფანჯრები.
ცხვირა ნაწილში დამატებულია სპეციალური გასაშლელი დანა, რომელიც მავთულხლართების და ტროსების გადასაჭრელადაა განკუთვნილი.
მანქანაზე შეცვლილია ძრავიც.
მანქანის გამოყენება შესაძლებელია როგორც სადაზვერვოდ ასევე სხვადასხვა შეიარაღების მატარებელ ბაზად.