გადმოსადგმელი 120 მმ კალიბრიანი ნაღმსატყორცნის მოდულით აღჭურვილი „დიდგორი მეომარის“ დანიშნულებაა ბრიგადის ზომის შენაერთის ან ბატალიონის ზომის ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერა. შეჯავშნული პლატფორმის, მობილურობის მაღალი მაჩვენებლების და საბრძოლო პოზიციის დაკავება-დატოვებისთვის საჭირო უმცირესი დროის გათვალისწინებით მანქანა შესაძლებელია გამოყენებული იქნას მექანიზირებული ქვედანაყოფის საცეცხლე მხარდაჭერისთვის სამანევრო ოპერაციებში. 120 მმ კალიბრიანი საარტილერიო მოდული ჯავშანმანქანა „დიდგორი მეომარის“ უკანა საბრძოლო ნაკვეთურშია დამონტაჟებული, სისტემა აღჭურვილია სტანდარტული ნაღმსატყორცნისგან განსხვავებული, შედარებით დიდი ზომის მართკუთხა საყრდენი ფილით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემას ბევრად უფრო ეფექტურად ანაწილებს გრუნტზე. სალაშქროდან საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანისას საყრდენი ფილა და მასზე დამონტაჟებული 120 მმ-იანი ლულა სპეციალური ჰიდრავლუკური მექანიზმით დაბლა ჩამოიწევა, მანქანის უკანა ბორბლები კი სროლისას ხისტად დაფიქსირებისთვის ჰაერში იწევა.სალაშქრო მდგომარეობაში ლულა სპეციალური ჩამკეტი მექანიზმით ფიქსირდება. საბრძოლო ნაწილის სროლითი ბალისტიკური მონაცემები იდენტურია „დელტას“ წარმოებული კლასიკური კონსტრუქციის ბუქსირებადი ნაღმსატყორცნისა. სტანდარტული მსხვრევად-ფუგასური ნაღმებით სროლა შესაძლებელია სრული მუხტებით, მაქსიმალურ 7100 და მინიმალურ 480 მეტრამდე მანძილზე. ნაღმსატყორცნიდან შესაძლებელია როგორც საბჭოური ასევე NATO-ს სტანდარტის სხვადასხვა ტიპის ნაღმების სროლა. მანქანის საბრძოლო კომპლექტი 24 ნაღმისგან შედგება, რომლებიც საარტილერიო მოდულის ორივე მხარეს სპეციალურ სათავსოებში 12-12 ცალია განთავსებული. ნაღმსატყორცნის ტექნიკური სწრაფსროლა სტანდარტული ბუქსირებადის მსგავსად წუთში 15 გასროლაა. არსებულ მოდულზე შესაძლებელია სხვა ტიპის 120 მმ კალიბრიანი გლუვ და კუთხვილლულიანი ნაღმსატყორცნების ინტეგრაციაც.
120 მმ კალიბრის თვითმავალი ნაღმსატყორცნის მოდული GMM-120 მოდული გათვლილია სხვადასხვა ტიპის მუხლუხოიან და ბორბლებიან შასიზე დასამონტაჟებლად. სისტემა აღჭურვილია უკუცემის ჩამხშობი მექანიზმით, რომელსაც სროლისას წარმოქმნილი უკუცემის ენერგია მინიმუმამდე ჩამოყავს.
დანიშნულება – მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო გათვლების და სხვა სამიზნეების განადგურება.
მოდულზე შესაძლებელია ციფრული ცეცხლის მართვის და გლობალური პოზიციონირების სისტემების ინტეგრაცია.
უპირატესობები:
1. თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების შესაბამისი
კონსტრუქცია;
2. უკუცემის ჩახშობის მექანიზმი უზრუნველყოფს ჭურვის
მაქსიმალურად ზუსტად მიმართვას;
3. დაბალი უკუცემა საშუალებას იძლევა ნაღმსატყორცნი
განთავსდეს მოძრავ პლატფორმაზე;
4. დაბალი თვითღირებულება მსგავს უცხოურ ანალოგებთან.
60 მმ ნაღმმტყორცნი GM-60, განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის და საცეცხლე პოზიციების გასანადგურებლად. აგრეთვე ბრძოლის ველის დასაკვამლიანებლად. ახასიათებს სროლის მაღალი ტემპი და შეუძლია მაღალი ინტენსივობის გადამღობი ცეცხლის წარმოება. გამოიყენება ასეულის დონის ქვედანაყოფის უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის.
ნაღმმტყორცნი GM-60 შექმნილია კლასიკური სქემით და მის შემადგენლობაში შედის: 60 მმ კალიბრის გლუვარხიანი ლულა, საყრდენი ფეხები მექანიკური მექანიკური ლულის ამწევ-დამწევი მოწყობილობით, უკუცემის ჩამხშობი მექანიზმი, სადგამი ფილა და ოპტიკური დამიზნების მოწყობილობა.
82 მმ ნაღმმტყორცნი GM-82, განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის და საცეცხლე პოზიციების გასანადგურებლად. გამოიყენება ბატალიონის დონის ქვედანაყოფის უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის.
ნაღმმტყორცნი GM-82 შექმნილია კლასიკური სქემით და მის შემადგენლობაში შედის: 82 მმ კალიბრის გლუვარხიანი ლულა, საყრდენი ფეხები მექანიკური ლულის ამწევ-დამწევი მოწყობილობით, უკუცემის ჩამხშობი მექანიზმი, სადგამი ფილა და ოპტიკური დამიზნების მოწყობილობა. ლულის ბოლოში სურვილისამებრ მონტაჟდება ორმაგი დატენვისგან დამცავი სპეციალური მოწყობილობა.
120 მმ კალიბრის ბუქსირებადი ნაღმმტყორცნი GM-120 განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მსუბუქი ჯავშანტექნიკის, საავტომობილო ტექნიკის, საცეცხლე პოზიციების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად. გამოიყენება ბრიგადის და პოლკის დონის შენაერთების უშუალო საცეცხლე მხარდაჭერისთვის. ნაღმმტყორცნი GM-120 შექმნილია კლასიკური სქემით და მის შემადგენლობაში შედის: ორ ბორბლიანი ლაფეტი, 14,5 კალიბრი სიგრძის გლუვ არხიანი ლულა, საყრდენი ფეხები ლულის ამწევ-დამწევი მექანიზმით, საყრდენი ფილა და ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა. ლულის ბოლოში დამონტაჟებულია ორმაგი დატენვისგან დამცავი სპეციალური მოწყობილობა. ნაღმმტყორცნიდან შესაძლებელია როგორც საბჭოური ასევე NATO-ს სტანდარტის 120 მმ-იანი ნაღმების სროლა.
122 მმ კალიბრის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, სამეთაურო პუნქტების და სხვა სამიზნეების გასანადგურებლად.
მანქანას გააჩნია დაჯავშნული კაბინა, რომელიც მასში მყოფ ხუთ კაციან გათვლას ტყვიებისა და საარტილერიო ჭურვების ნამსხვრევებისგან იცავს. საცეცხლე ნაწილი წარმოადგენს მრავალჯერადი გამოყენების 40 ლულიან საცეცხლე პაკეტს, რომელშიც 122 მმ კალიბრის უმართავი რეაქტიული რაკეტები თავსდება.
პერსპექტივაში მანქანაზე შესაძლებელია დამონტაჟდეს ცეცხლის მართვის ავტონომიური ციფრული სისტემა, ნავიგაციისა და დამიზნების თანამგზავრული სისტემები. ასევე მოდულური საცეცხლე ნაწილი, რომელზეც შესაძლებელი იქნება ერთჯერადი და მრავალჯერადი პაკეტების დამონტაჟება სხვადასხვა ტიპის და კალიბრის რაკეტებით.