სნაიპერული შაშხანა “სატევარი” წარმოადგენს მოდულური სქემით დამზადებულ ზუსტი სროლისთვის განკუთვნილ სნაიპერულ შაშხანას სხვადასხვა მანძილებზე სამუშაოდ. შაშხანის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო დანიშნულებით, ასევე სპორტული სნაიპინგისთვის.
მოცემულ მოდიფიკაციაში შაშხანა გათვლილია .338 GBM ტიპის სპეციალური სნაიპერული ვაზნების სროლაზე 1800 მეტრამდე მანძილზე.
იარაღს აქვს გრძივად მოსრიალე მექანიკური საკეტი და რეგულირებადი სასხლეტი, რომლის ძალვის რეგულირება შესაძლებელია 0,2 დან 1,2 კგ-მდე.
შაშხანა აღჭურვილია უკანა რეგულირებადი საყრდენი ფეხით (მონოპოდი) და წინა ორფეხათი (ბიპოდი). შაშხანაზე შესაძლებელია როგორც Harris Bipods-ის ასევე Versa-Pod Bipod-ის სტილის ორფეხას დაყენება.
სპეციალური სნაიპერული კონდახი აღჭურვილია ვერტიკალურ სიბრტყეში რეგულირებადი სალოყით და ორ სიბრტყეში რეგულირებადი მხრის საბჯენით. შაშხანას აქვს სპეციალური სნაიპერული ერგონომიული, ორთოპედიული სახელური რომელიც აიოლებს იარაღის მართვას და ნაკლებად ძაბავს ხელის მტევნის კუნთებს, რაც ზუსტი სროლის ერთ-ერთი წინაპირობაა. ლულა ბოლოვდება აქტიურ-რეაქტიული 3 კამერიანი ლულის მუხრუჭით, რომელიც სროლისას წარმოქმნილ უკუცემის ენერგიას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ვაზნების მიწოდება 4 ვაზნიანი მჭიდიდან ხდება.
დამკვეთისათვის იარაღის მიწოდებამდე, თითოეულ მზა ეგზემპლიარზე ოსტატის მიერ ინდივიდუალურად ტარდება სპეციალური სამუშაოები, რომელიც სტანდარტულ სერიულ მოდელთან შედარებით უზრუნველყოფს უფრო მაღალ სიზუსტეს.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.