სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი
ინსტიტუტის ისტორია
ინსტიტუტი დაარსდა 1959 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილების (N750, 22 სექტემბერი 1959 წელი) საფუძველზე და ეწოდა მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტი.
ინსტიტუტის დაარსების ინიციატორები იყვნენ აკადემიკოსი რაფიელ დვალი და აკადემიკოსი ვახტანგ მახალდიანი,რომელთა მიერ ჩატარებული კვლევები მობილური მანქანების თეორიასა და სამთო პირობებში მომუშავე ძრავების დარგში დაედო საფუ- ძვლად ინსტიტუტის შექმნასა და მისი ძირითადი მიმართულებების ჩამოყალიბებას.
1970 წლიდან შეიცვალა ინსტიტუტის დასახელება და ეწოდა მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი.
1994 წლიდან ინსტიტუტი ატარებს რაფიელ დვალის სახელს. 2006 წლიდან ინსტიტუტი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირად – სსიპ რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი.
დირექტორის არჩევამდე (1959 წ.) მანქანათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტო- რის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა აკადემიკოსი ვახტანგ მახალდიანი.
1960 – 61 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ტ.მ.კ. გიორგი ამბოკაძე.
1961 – 72 წლებში დირექტორი იყო ტ.მ.კ. იოველ ჯებაშვილი;
1972 – 85 წლებში ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რაფიელ დვალი.
1985 – 1998 წლებში დირექტორად კვლავ იოველ ჯებაშვილია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი.
1998 – 2006 წლებში ინსტიტუტის დირექტორად აირჩიეს გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე აკადემიკოსი რობერტ ადამია.
2006 წლიდან ინსტიტუტის დირექტორია ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ ნატრიაშვილი.
ძირითადი სამეცნიერო მიმართულებები
ინსტიტუტში მიმდინარეობს როგორც ფუნდამენტური ასევე გამოყენებითი ხასიათის კვლევები. სამეცნიერო თემატიკა წარმოდგენილია შემდეგი პრიორიტეტებით: ინოვაციური ტექნოლოგიების დამუშავება მანქანათმშენებლობაში და სატრანსპორტო საშუალებებში, არატრადიციული, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება.
კვლევები მიმდინარეობს შემდეგ სამეცნიერო პრობლემებზე:
• მანქანების საიმედოობა და ხანგამძლეობა;
• მანქანათა სისტემებისა და მექანიზმების მექანიკა (დინამიკა და რხევები);
• მანქანა – დანადგარების და მათში მიმდინარე პროცესების მათემატიკური მოდელირება და გაანგარიშების ოპტიმალური მეთოდების შემუშავება და განვითარება;
• მძიმე მანქანებისა და მოწყობილობების რაციონალურად დაგეგმარებისა და გაანგარიშების ინჟინრული მეთოდების დამუშავება;
• მობილური მანქანების კვლევა;
• თბოენერგეტიკული დანადგარების, უპირატესად შიგაწვის ძრავების, კვლევა და ალტერნატიულ საწვავებზე გადაყვანა;
• ახალი ნანოკომპოზიციური მასალებისა და ტექნოლოგიების დამუშავება;
• ცვეთა და კოროზიამედეგი დანაფარების მიღების ახალი ტექნოლოგიური მეთოდების შემუშავება;
• ლითონდამზოგი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შემუშავება;
• გეოთერმული წყლის, ზღვის ტალღების და ენერგიის სხვა არატრადიციული წყაროების ენერგიათა გარდამქმნელების დამუშავება.
ინსტიტუტის განყოფილებებს გააჩნიათ სათანადო სამეცნიერო აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიები, სადაც განთავსებულია:
• 16–დან 250 კვტ-მდე სიმძლავრის შიგაწვის ძრავების გამოსაცდელი სტენდი,
• მსუბუქი ავტომობილების გამოსაცდელი დინამომეტრული და ვიბრაციული ტექნიკის გამოსაცდელი სტენდები,
• დანადგარები და აპარატურა მასალების თვისებების მრავალმხრივი გამოცდებისათვის.
ამჟამად ინსტიტუტში მუშაობს 60 თანამშრომელი, რომელთაგან 29 მეცნიერია, მათ შორის 27 მეცნიერებათა დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონეა.
2009 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ინსტიტუტის ოთხმა თანამშრომელმა.
ინსტიტუტში მიმდინარეობს 6 საგრანტო პროექტის დამუშავება. მათ შორის: 3 სესფ-ის, 2 საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის, ერთი GRDF –ის და სესფ-ის ერთობლივი დაფინანსებით სრულდება.
ინსტიტუტის პატრონაჟით გამოდის საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალი „მექანიკის პრობლემები.“
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.