საქართველოს ისტორიაში პირველად, 2018 წლის 11-15 ივნისს მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენა EUROSATORY-ზე სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია. საფრაგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ მასშტაბური საერთაშორისო სამხედრო გამოფენა „ევროსატორი 2018-ზე, მსოფლიოს 63 ქვეყნის თავდაცვითი მრეწველობის 1800 ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. გამოფენას 227 ოფიციალური დელეგაცია, ჯამში 58 ათასამდე ვიზიტორი დაესწრო.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ გამოფენაზე ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები წარმოადგინა,
მათ შორის მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, 60, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები, მოდერნიზებული ხელის ყუმბარმტყორცნი, მოდერნიზებული ოპტიკურ-ელექტრონული სენსორული ბლოკით აღჭურვილი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, ჯავშანჟილეტები MK-1 და MK-2, ჯავშანჩაფხუტები, 12,7 მმ კალიბრის ანტიმატერიული შაშხანა, უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, ორ სიბრტყეში სტაბილიზებული უნიფიცირებული დისტანციური მართვის მოდული და სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი.
ქართულმა სამხედრო პროდუქციამ დამთვალიერებლის და ოფიციალური წარმომადგენლობების დიდი ყურადღება მიიქცია. დელტას გენერალურ დირექტორთან უჩა ძოძუაშვილთან ჩაიწერა ინტერვიუები ისეთი წამყვანი სამხედრო-ანალიტიკური სააგენტოების მიერ, როგორიცაა Army Recognition World Defense & Security News და Army Guide.
განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია უხმაურო ნაღმმტყორცნმა GNM-60, მოდიფიცირებულმა ჯავშანტრანსპორტიორმა დიდგორმა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკმა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.