XX საუკუნის განმავლობაში სამხედრო ტექნოლოგიების უსწრაფესმა განვითარებამ ბრძოლის წარმოების მეთოდების სწრაფ ტრანსფორმაციას მისცა ბიძგი.
ბოლო ოცდაათი წელია უპილოტო ავიაცია უფრო და უფრო აქტიურად იკიდებს ფეხს ბრძოლის ველზე. რომელთა საშუალებითი მომავალში შესაძლოა მთლიანად ჩანაცვლდეს მთელი რიგი სხვადასხვა დანიშნულების პილოტირებადი საფრენი აპარატები.
ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და აზიის სხვადასხვა რეგიონში მომხდარმა კონფლიქტებმა და მათმა შემდგომმა ანალიზმა მასში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებაში არსებული უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიური დახვეწა და მათი ფუნქციების ზრდა გამოიწვია. გამოჩნდა ზეზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენების ფუნქციის მქონე საბრძოლო და დამრტყმელი კამიკაძე დრონები. სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატებში გამოყენებული ტექნოლოგიები კი წლების შემდეგ გამოყენებული იქნა საპოლიციო და სამოქალაქო დანიშნულების დრონების ინდუსტრიაში რომლებიც წლიდან წლამდე ვითარდება.
უპილოტო საფრენ აპარატებზე გაწეული ფინანსური სამუშაოების
მოცულობა აშშ-სა და ევროპაში 2007-2016 წლებში
დღეისთვის თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების ბაზარზე წამყვანი ქვეყნები აშშ და ისრაელია. ერაყის, ავღანეთის და ახლო აღმოსავლეთის მუდმივ კონფლიქტში ჩართული ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები მაღალი ინტენსივობით იყენებენ ასეულობით სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო-სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეებზე.
ბოლო წლების განმავლობაში თვითმფრინავებთან ერთად ვითარდება უპილოტო ვერტმფრენების მიმართულებაც. ამ ტიპის საფრენი აპარატებისთვის დამახასიათებელი ტექნიკური თავისებურებებიდან და ფრენის პრინციპიდან გამომდინარე ზოგიერთი დავალების შესასრულებლად თვითმფრინავთან შედარებით მათი გამოყენება ბევრად ხელსაყრელია და მთელ რიგ დამატებით უპირატესობებს იძლევა.
უპილოტო ვერტმფრენების საშუალებით შესაძლებელია მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეებზე, წინასწარ მოუმზადებელი პოზიციებიდან ფრენა. ბრძოლის ველზე კი სხვადასხვა სპექტრის ამოცანების გადაწყვეტა, მათ შორის:
დღეს დღეობით შეიარაღებაზე არსებული უპილოტო ვერტმფრენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია RQ-8/MQ-8 Fire Scout-ის ოჯახი.
2000 წლის თებერვალში RQ-8-ის პროექტი აშშ-ის საზღვაო ძალების დაკვეთით კორპორაცია Northrop Grumman-მა წამოიწყო. Schweizer 330SP-ს ტიპის სამოქალაქო შვეულმფრენის ბაზაზე შექმნილი პირველი მოდიფიკაცია RQ-8A რამდენიმე წელი გადიოდა აქტიურ ტესტირებებს, რის შემდეგაც 2006 წლიდან მუშაობა დაიწყო მოდიფიცირებულ MQ-8B Fire Scout-ზე, რომელიც უკვე Schweizer 333 ტიპის შვეულმფრენის ბაზაზე აიწყო და 4 ფრთიანი მზიდი ხრახნი გააჩნდა.
[caption id="attachment_2549" align="aligncenter" width="1024"] MQ-8A და MQ-8B მოდიფიკაციები[/caption]
წინა მოდელისგან განსხვავებით MQ-8B მოდიფიკაციაზე შესაძლებელია სხვადასხვა შეიარაღების ჩამოკიდება. ფიუზელაჟზე დამაგრებულ საკიდებზე ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე შესძლებელია სხვადასხვა ტიპის მართვადი და უმართავი რაკეტების, ტყვიამფრქვევების ან სატვირთო გონდოლების ჩამოკიდება. შვეულმფრენის წინა ნაწილში კი რადიოლოკაციური და ოპტიკური დაზვერვა-მიზანჩვენების სისტემები მონტაჟდება.
2017 წლის მაისში გაფორმებული 37 მილიონ დოლარიანი კონტრაქტით კომპანია Northrop Grumman-მა MQ-8B-ს რადიოლოკაციური სადგურის მოდერნიზაცია მოახდინა რის შემდეგაც შეიცვალა ცხვირა ნაწილის დიზაინი.
გარდა ამისა მიღებული გამოცდილების და შემუშავებული ტექნოლოგიების საფუძველზე 2010-2013 წლებში შემუშავდა MQ-8C მოდიფიკაცია Bell 407 ტიპის შვეულმფრენის ბაზაზე.რამდენიმე წლიანი აქტიური გამოცდების შემდეგ საზღვაო ძალებმა 168 ერთეული MQ-8B და MQ-8C მოდიფიკაციების შესყიდვა გადაწყვიტა. დღეის მდგომარეობით საზღვაო ძალების განკარგულებაშია 28 ერთეული MQ-8B. რამდენიმე ერთეული MQ-8B ლიბიის და ავღანეთის ოპერაციებშიც იქნა გამოყენებული. ოფიციალური ინფორმაციით ერთეული MQ-8B-ს ღირებულება 14.6 მილიონი დოლარია.
მოდიფიკაცია MQ-8C Bell 407 ტიპის შვეულმფრენის ბაზაზე
უპილოტო ვერტმფრენებზე მუშაობა აქტიურად ხორციელდება სხვა ქვეყნებშიც.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი ავსტრიული კომპანია Schiebel-ის წარმოების სადაზვერვო უპილოტო შვეულმფრენი Camcopter S-100 დღეისათვის ათი ქვეყნის შეიარაღებაშია. 2017 წლიდან კი ლიცენზიით იწარმოება რუსეთშიც Горизонт Эйр S-100 დასახელებით.
Camcopter S-100
კლასიკური პილოტირებადი შვეულმფრენის უპილოტოდ გადაკეთების საინტერესო პროექტი განახორციელა სამხრეთ კორეულმა კომპანია Korean Air-მა რომელმაც 2015 წელს მცირე გაბარიტული ვერტმფრენის MD500-ის ბაზაზე, კომპანია Boeing-თან ერთად შემუშავებული სადაზვერვო-მოიერიშე უპილოტო შვეულმფრენი KUS-VH წარმოადგინა.
სამხრეთ კორეული KUS-VH
ტექნოლოგოიურად ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუში დღეს-დღეობით შვედური კომპანია SAAB-ის წარმოების სადაზვერვო უპილოტო ვერტმფრენი V-200 SKELDAR-ია. C4ISR სისტემასთან თავსებადი მისი ფრენის მართვის სისტემა STANAG 4586 სტანდარტის შესაბამისია.SKELDAR ის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო დანიშნულებით, საზღვაო და სახმელეთო ამოცანების შესასრულებლად.
შვედური V-200 SKELDAR
2016 წლის 15 სექტემბერს ზუსტად 100 წელი შესრულდა მას შემდეგ რაც პირველ მსოფლიო ომში, 1916 წლის 15 სექტემბერს ბრიტანულმა ჯარებმა მდინარე სომასთან გამართულ ბრძოლაში კაცობრიობის ისტორიაში პირველად გამოიყენეს საბრძოლო ტექნიკის უახლესი სახეობა ტანკი ...
ბრძოლის დაწყებამდე ბრიტანული ჯარების შეიარაღებაში 49 ერთეული Mark I ტიპის ტანკი იყო, აქედან ფრონტის ხაზამდე მიღწევა და ფრონტის 5 კმ სიღრმეზე გარღვევა მხოლოდ 18 მა ტანკმა მოახერხა. ნაწილი გზადაგზა გაფუჭდა ან ჭაობში ჩაეფლო. გერმანულ მხარეს პირადი შემადგენლობის დანაკარგები სტანდარტულთან შედარებით 20 ჯერ მეტი იყო.
პირველი ბრიტანული ტანკი Mark I რომბისებური გათანაწყობით იყო დაპროექტებული, სპეციფიური ფორმის უკოშკურო ტანკის ბორტები
მუხლუხოებს შორის იყო მოქცეული.
Mk I ორი მოდიფიკაციით იყო წარმოებული: "მამალი" და "დედალი". მათ შორის ძირითადი განსხვავება შეიარაღებაში იყო. "მამალი" Mk I აღჭურვილი იყო 2 ცალი 57 მმ კალიბრის L/40 ტიპის "გოჩკისის" სისტემის ხრახნლულიანი ქვემეხით და 4 ცალი 8 მმ იანი ტყვიამფრქვევით. "დედალი" მოდიფიკაცია კი 4 ცალი 7,7 მმ და 1 ცალი 8 მმ იანი ტყვიამფრქვევებით. ტანკის შუბლა და ბორტების ჯავშანი 10-12 მმ იყო. ჯავშანმანქანა 105 ცხენის ძალის სიმძლავრის 6 ცილინდრიანი ძრავის საშუალებით გზაზე მაქსიმალური 6,4 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. სვლის მარაგი 38 კმ-ს, ტანკის ეკიპაჟი კი 8 კაცს შეადგენდა.
ორივე მოდიფიკაცია 75-75 ცალი იქნა გამოშვებული.
საბრძოლო მოქმედებებში ტანკის გამოჩენამ უდიდესი ფსიქოლოგიური ეფექტი მოახდინა და შემდეგში მთლიანად შეცვალა ომის ბრძოლის მეთოდები და ხერხები, როგორც ტაქტიკურ, ისე ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეებზე. საბრძოლო შესაძლებლობებიდან გამომდინარე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სახმელეთო ჯარებში ძირითად დამრტყმელ ძალად ტანკი იქცა.
ტანკმშენებლობაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო პირველი ფრანგული მსუბუქი სერიული ტანკის Renault FT-17 ის გამოჩენა, ეს იყო პირველი კლასიკური გათანაწყობის მქონე კოშკურიანი ტანკი. მასი კონსტრუირება 1916—1917 წლებში უშუალოდ ლუი რენოს ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. სხვადასხვა მოდიფიკაციის 3500 FT-17 შეიარაღებაში 1945 წლამდე იყო, მისი ლიცენზირებული მოდიფიკაციები კი აშშ-ში, იტალიაში და საბჭოთა კავშირშიც იწარმოებოდა.
მსუბუქი ტანკი Renault FT-17 : მასა 6,7 ტონა, ეკიპაჟი 2 კაცი, სიგრძე 4100 მმ, სიგანე 1740 მმ, სიმაღლე 2140 მმ, შეიარაღება 37 მმ კალიბრიანი ქვემეხი SA18 ან 8 მმ კალიბრის "გოჩიკსის" სისტემის mod.1914, ძრავის სიმძლავრე 39 ცხ/ძალა. სიჩქარე 20 კმ/სთ, სვლის მარაგი 65 კმ.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდის გერმანიის იმპერიაში ტანკის შექმნაზე მუშაობა 1916-1917 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა, უკვე 1917-1918 წლებში კი გამოშვებული იქნა 20 ერთეული პირველი გერმანული სერიულად წარმოებული ტანკი A7V. უკვე 1918 წლის 21 მარტიდან ტანკები საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ, 24 აპრილს კი ჩრდილოეთ საფრანგეთში, პატარა ქალაქ ვილერ-ბრეტონთან ისტორიაში პირველი სატანკო ბრძოლა გაიმართა. სამი ერთეული გერმანული A7V და ამდენივე ბრიტანული Mk IV ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ბრძოლა ბრიტანელთა გამარჯვებით დასრულდა. შემდგომში A7V მრავალფეროვანი გერმანული სატანკო ოჯახის პირველ წარმომადგენლად იქცა.
მცირეკალიბრიანი ქვემეხებით და ტყვიამფრქვევებით აღჭურვილი პირველი ტანკების ძირითადი დანიშნულება საინჟინრო ნაგებობებით გამაგრებული ფრონტის ხაზის გარღვევა და საცეცხლე წერტილების ჩახშობა იყო, დროთა განმავლობაში კი ტანკებმა ტანკსაწინააღმდეგო დანიშნულებაც შეიძინეს, ეტაპობრივად იცვლებოდა და უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა მათი გამოყენების ტაქტიკაც. პირველი მსოფლიო ომის დასასრულისთვის სხვადასხვა მოდელის ტანკები მსოფლიოს ყველა მსხვილი არმიის შეიარაღებაში ირიცხებოდა.
ამერიკული, გერმანული და ებრაული ტანკების ევოლუცია.
პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში (1919-1938 წ) ტანკმშენებელთა შორის ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული საერთო ხედვა, იმის შესახებ თუ რა ერთიანი ოპტიმალური მიმართულებით უნდა მომხდარიყო ტანკების პროექტირება და განვითარება. მსხვილი სახელმწიფოების არმიების სახმელეთო ჯარებში სატანკო ქვედანაყოფების მნიშვნელობის ზრდამ ჯარების ერთიანი მართვის ტაქტიკაზეც იქონია სერიოზული გავლენა. სამხედროები ტანკმშენებელ კომპანიებს ახალ-ახალ მოთხოვნებს უყენებდნენ.
იმ პერიდის ტანკმშენებელ ქვეყნებში შედიოდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბჭოთა კავშირი, ჩეხოსლოვაკია, იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, იაპონია და სხვა. პირველი მსოფლიო ომიდან მიღებული გაკვეთილების საფუძველზე სამხედროების ძირითადი მოთხოვნა ტანკებისთვის მაღალი გამავლობა, მეტი სიჩქარე და სამედოობა იყო. იმ პერიოდის ტანკები აქტიურად იქნა გამოყენებული ჩინეთის (1927-37) და ესპანეთის (1936-39) სამოქალაქო ომებში.
მსოფლიო ომებს შუა პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მასიურად
წარმოებული ტანკი საბჭოური T-26 იყო, რომელიც ათზე მეტი ქვეყნის შეიარაღებაში შედიოდა.
სულ გამოშვებული იქნა 11218 ერთეული T-26.
ამავე პერიოდში თანდათანობით გამოიკვეთა ტანკების რამდენიმე ძირითადი კლასი, რომელიც წონითი კატეგორიების მიხედვით დაიყო:
პატარა ტანკები - 5 ტონამდე მასით (საბჭოთა Т-37 და Т-38) შეიარაღებული იყო ტყვიამფრქვევებით.
მსუბუქი ტანკები - 20 ტონამდე მასით (საბჭოთა БТ-2,БТ-5,БТ-7, Т-26, Т-40, Т-50, Т-60, Т-70 დაТ-80, ბრიტანული Mk VI, ამერიკული M24 Chaffee, გერმანულიPzKpfw I და PzKpfw II, ჩეხოსლოვაკიური LT-35,LT-38 და სხვა) შეიარაღებული იყო ტყვიამფრქვევებით და მცირეკალიბრიანი ქვემეხებით.
საშუალო ტანკები - მასით 40 ტონამდე ( საბჭოთა Т-28,Т-34 და Т-111, ამერიკული M4 Sherman, გერმანული PzKpfw III და PzKpfw IV) შეიარაღებული იყვნენ ტყვიამფრქვევებით და საშუალო კალიბრიანი ქვემეხებით.
მძიმე ტანკები - მასით 40 ტონაზე ზემოთ (საბჭოთა КВ და ИС სერიის ტანკები, გერმანული PzKpfw V Panther, PzKpfw VI Tiger, PzKpfw VI Ausf. B და სხვა) მათ შეიარაღებაში ტყვიამფრქვევები და მსხვილკალიბრიანი ქვემეხები შედიოდა.
ფრანგული 32 ტონიანი მძიმე ტანკი Char B1 1936-1940 წლებში იწარმოებოდა.
აქტიურად გამოიყენებოდა 1940 წლის მაის-ივნისში
შეტევაზე გადასული გერმანული ჯარების წინააღმდე.
ტანკმშენებლობის განვითარებაში უდიდესი როლი მეორე მსოფლიო ომმა ითამაშა. ომის დაწყების დროს მოწინააღმდეგე ქვეყნების არსენალში ძირითადად მსუბუქი, სუსტად დაჯავშნული ტანკები იყო. მაგალითად გერმანიის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ბლიცკრიგის (ელვისებური ომი) ტაქტიკიდან გამომდინარე აქცენტს ძირითადად მსუბუქ და საშუალო ტანკებზე აკეთებდა, მათი მაღალი სიჩქარე ქვედანაყოფების სწრაფი მანევრირების საშუალებას იძლეოდა.
ომის მსვლელობისას კი მოწინააღმდეგე ბანაკებში თანდათან მატულობდა ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების შესაძლებლობები და ტანკების ქვემეხების კალიბრი. საჭირო გახდა ტანკების დამძიმება ომის დასრულების დროს კი ათეულობით მოდიფიკაციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე ტანკი იყო შეიარაღებაში.
გერმანული, ამერიკული, საბჭოური და ფრანგული ტანკები, მსუბუქი ჯავშანტექნიკა და საარტილერიო სისტემები მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.
ეს ომი გამორჩეულია სატანკო ბრძოლების მასშტაბებითაც. მათ შორის იყო სატანკო ბრძოლები ელ-ალამეინში (ჩრდილოეთ აფრიკა) 1942 წელს, ქალაქ ბროდისთან 1941 წელს და კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი სატანკო ბრძოლა პროხოროვკასთან 1943 წლის 12 ივლისს.
ბრიტანული და ამერიკული ტანკები ჩრდილოეთ აფრიკაში ელ-ალამეინის ბრძოლაში. მოკავშირეთა მხრიდან ბრძოლაში ჩართული იყო 1100 მდე სხვადასხვა მოდელის ტანკი. გერმანულ-იტალიური მხრიდან კი 560.
1943 წლის 5 ივლისიდან 25 აგვისტომდე, კურსკის შვერილისთვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფარგლებში, ბრძოლა დასახლებულ პუნქტ პროხოროვკას რკინიგზის სადგურის რაიონში შეტევაზე გადმოსული გერმანიის შეიარაღებული ძალების მე-4 სატანკო არმიას, ოპერატიულ დაჯგუფება "კემპფს" და საბჭოთა არმიის მე-5 გვარდიულ და მე-5 სატანკო არმიებს შორის გაიმართა. ბრძოლაში ორივე მხრიდან 1200-მდე ტანკი და თვითმავალი ქვემეხი იღებდა მონაწილეობას. მხოლოდ ამ ერთი დღის განმავლობაში გერმანულმა მხარემ 350-ზე მეტი ტანკი და 10 ათასზე მეტი მებრძოლი დაკარგა.
ბრძოლა პროხოროვკასთან.
მეორე მსოფლიო ომის ყველაზე წარმატებულ ტანკებად საბჭოთა T-34 და KB-1, გერმანული Tiger I და Panzer IV და ამერიკული M-4 "შერმანი" მიიჩნევიან.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პლანეტაზე ახალი გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა. ცივმა ომმა დაპირისპირებულ ბანაკებში სამხედრო ხარჯების კოლოსალური ზრდა გამოიწვია. ჯავშანსატანკო ტექნოლოგიების განვითარებაზე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დიდი რაოდენობით რესურსები იხარჯებოდა. ამავე პერიოდიდან მსოფლიო ტანკმშენებლობაში ტანკების თაობებად დაყოფა დაიწყო. მიუხედავად მეორე ომში მრავალფეროვანი სატანკო პარკებისა ცივ ომამდე ტანკებს თაობისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშნები არ ჰქონდათ.
უკვე 1950 დან 1960-იან წლებამდე გამოშვებული ტანკები კი პირველ თაობას განეკუთვნებიან, ესენია: საბჭოთა ИС-3, ИС-4, ИС-7, ИС-8, Т-44, Т-54, Т-55, ამერიკული М26 "პერშინგი", M46 "პატონი", M47, М48А1 და М48А2, იაპონური Type 61, ბრიტანული Centurion A41 და სხვა.
საბჭოთა T-55 ტანკების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოდელად ითვლება, გამოყენებული იქნა და დღემდე გამოიყენება ათეულობით სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტში. მის სხვადასხვა ლიცენზირებულ მოდიფიკაციებს აწარმოებდნენ ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, რუმინეთი, ჩინეთი. სულ სხვადასხვა მოდიფიკაციის 23 600 ზე
მეტი T-55 იქნა წარმოებული. 1983 წელს Т-55АД-ზე პირველად დაყენდა აქტიური დაცვის სისტემა Дрозд-ი.
ტანკების მეორე თაობა უკვე 1960-1970 წლებს განეკუთვნება, ესენია: საბჭოური Т-62 და Т-64, ამერიკული М60 და М60А1, ინგლისური Chieftain და Vickers Мк.1, ფრანგული AMX-30, გერმანული Leopard-1 (A1, A2 და A3 მოდიფიკაციები), შვედური Strv-103, შვეიცარული Pz–61 და სხვა. მეორე თაობის ტანკებისთვის მკვეთრად დამსახასიათებელი ნიშნებია დამიზნების და ქვემეხის სტაბილიზაციის ახალი სისტემები, ლაზერული მანძილმზომები, ბალისტიკური გამომთვლელები, ჩაშენებული ქიმიურ-რადიაციული დაცვის სისტემები, კომბინირებული შეჯავშნა და სხვა. გაიზარდა ქვემეხების კალიბრიც - საბჭოურ ტანკებზე 115 მმ-მდე, დასავლურზე კი 105 მდე.
მეორე თაობის შვედური Strv-103 მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უცნაური კონსტრუქციის ტანკია, მას ლულის მოძრაობა მხოლოდ ვერტიკალურ სიბრტყეში, -10 დან + 12
გრადუსამდე შეუძლია.
1970-1980 წლებში გამოშვებული ტანკების დიდი ნაწილი უკვე 2+ თაობას განეკუთვნებიან: ესენია ამერიკული М60А2 და М60АЗ, საბჭოური Т-64Б და Т-72, ბრიტანული Vickers Мк.3, იტალიური OF-40, გერმანული Leopard-1A4, იაპონური Type 74, შვეიცარიული Pz68, ებრაული Merkava Mk I და სხვა. აქვე იკვეთება ერთ-ერთი ძირითადი განსხვავება საბჭოთა და დასავლურ ტანკებს შორის. საბჭოურ ტანკებზე დაწყებული Т-64 დან ქვემეხის დატენვა ნახევრად ავტომატური კონვეირისებური მექანიზმით ხდებოდა, დასავლურ ტანკებზე კი ქვემეხს ეკიპაჟის მეოთხე წევრი ტენის. განსხვავებულია საბრძოლო მასალების ტიპებიც, საბჭოურ ტანკები განცალკევებად მუხტიან გასროლებს იყენებს, დასავლური ტანკები კი უნიტარულს, რაც ნიშნავს რომ გასროლამდე ჭურვი ლითონის ჰილზაშია მოთავსებული.
საბჭოთა 125 მმ-იანი განცალკევებულმუხტიანი და დასავლური
120 მმ-იანი უნიტარული სატანკო ჭურვები.
Т-72Б მოდიფიკაცია იყო ის პირველი ტანკი რომელიც კუმულაციური ჭურვებისგან დაცვის მიზნით დინამიკური დაცვის კომპლექტით Контакт-1 ით აღიჭურვა. 227 კოლოფისგან შემდგარი კომპლექტი ტანკს ერთმუხტიანი კუმულაციური ჭურვების მოხვედრისას გადარჩენის შანსს აძლევს.
1980-იანი წლებიდან ბრძოლის ველზე უკვე მესამე თაობის ტანკები გამოდიან, ესენია: საბჭოური Т-64БВ, Т-72, БТ-80, რუსულიТ-72Б3 და Т-90(A,C,MC მოდიფიკაციები), ამერიკული M1 Abrams (A1,A2,A2SEPV2 მოდიფიკაციები), ბრიტანული Chelenger-1 და Chelenger-2. ებრაული Merkava Mk 3 და Mk 4, გერმანული Leopard-2, იტალიური Ariette-C1, ფრანგული Leclerc, სამხრეთ კორეული K2 Black Panther, უკრაინული T-84, Т-64БМ "Булат" და БМ Оплот.
თანამედროვე მესამე თაობის ტანკები ციფრული ცეცხლის მართვის სისტემებით, შორ მანძილზე მოქმედი სითბოვიზორებით და შეიარაღების მაღალტექნოლოგიური სტაბილიზაციის სისტემებითაა აღჭურვილი.
ასეთი თანამედროვე ტანკების ფასები 5 დან 10 მილიონამდე დოლარის ფარგლებში მერყეობს.
Дуплет-ის ტიპის ორშრიანი დინამიური დაცვის სისტემის წყალობით უკრაინული БМ Оплот მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ტანკად ითვლება. ტანკის კოშკურაზე დამატებით დამონტაჟებულია მეთაურის დამოუკიდებელი პანორამული სამიზნე კომპლექსი, ეგრეთ წოდებული Hunter Killer. კოშკურაზე ასევე დამონტაჟებულია მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან დამცავი ოპტიკურ-ელექტრონული დაცვის სისტემა "Варта".
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მომხდარმა საბრძოლო მოქმედებებმა, თანამედროვე ტანკებს ახალი მოთხოვნები წაუყენა. ახლო აღმოსავლეთის და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ცხელ წერტილებში, ურბანულ პირობებში მიმდინარე ბრძოლებისას ათეულობით ტანკი პრიმიტიული ხელის ყუმბარმტყორცნების მსხვერპლი გახდა. ამიტომ ბოლო წლებში ტანკმშენებელმა კომპანიებმა მესამე თაობის ტანკების რამდენიმე მოდელი წარმოადგინეს, რომლებიც სპეციალურად დასახლებულ პუნქტში ბრძოლისათვისაა მოდიფიცირებული.
გერმანული Leopard-2 PSO
M1A2 TUSK Abrams, ტანკი დამატებით აღჭურვილია ARAT-ის
ტიპის დინამიური დაცვის კომპლექტით.
ქალაქში ბრძოლისთვის მოდერნიზებული Т-72Б3
ბრძოლის ველზე ტანკის გამოჩენიდან ერთი საუკუნის შემდეგაც აშკარაა რომ ჯავშანტექნიკის ეს სახეობა კიდევ მრავალი წელი დარჩება სახმელეთო ჯარების სამანევრო ქვედანაყოფების ძირითად შემტევ საშუალებად.
ავტორი: ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.
ლეგენდარულმა ამერიკულმა მზვერავმა თვითმფრინავმა U-2 მა სადაზვერვო ფრენები შესაძლოა 2050 წლამდეც კი გააგრძელოს.
აღნიშნული თვითმფრინავის პირველი მოდიფიკაციები აშშ-ის საჰაერო ძალებში ჯერ კიდევ 1957 წლიდან გამოიყენებოდა.
დღეს კი პენტაგონმა, მოდერნიზებულ U-2 ებს 2019 წლამდე გაუგრძელა საფრენოსნო ვადა. მოდერნიზებული თვითმფრინავი კომპანია Northrop Grumman-ის წარმოების უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავის RQ-4B Global Hawk-ის ერთგვარ ალტერნატივად განიხილება. თუმცა განსხვავებით RQ-4B -სგან, რომელსაც ჰაერში 24 საათი შეუძლია გაჩერება, U-2 მხოლოდ 12 საათს დაფრინავს.
თანამედროვე U-2-ს კომპანიების Lockheed Martin-ის და Raytheon-ის მიერ მთელი რიგი მოდიფიცირება ჩაუტარდა. მასზე დამონტაჟდა ASARS-2B ტიპის საბორტე რადიოლოკატორი, SYERS-2C ტიპის ოპტიკურ-ელექტრონული დაზვერვის სისტემა, ახალი ავიონიკა, უახლესი ნავიგაციის და კავშირგაბმულობის თანამგზავრული სისტემები.
ამ დროისათვის აშშ-ის საჰაერო ძალებში 27 ერთეული ერთადგილიანი და 5 ერთეული ორადგილიანი U-2 ირიცხება. სპეციალისტთა აზრით თვითმფრინავს აქვს პოტენციალი რომ აშშ-ს საჰაერო ძალებში 2050 წლამდეც გაძლოს.
2015 წლის 22 აპრილი უპილოტო ავიაციის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების და კორპორაცია Northrop Grumman-ის მიერ ერთობლივად ჩატარებულ საგამოცდო ტესტირებაზე X-47B UCAS-D ტიპის უახლესმა დამრტყმელმა უპილოტო თვითმფრინავმა ფრენის ავტონომიურ რეჟიმში, ისტორიაში პირველად საჰაერო ტანკერიდან საწვავის შევსების პროცედურა განახორციელა.
ავიაკომპანია Omega Air ის კუთვნილი KC-707 ტიპის საჰაერო ტანკერიდან X-47B-მა დროის შეზღუდულ მონაკვეთში 1,8 ტონა საწვავი მიიღო.
X-47B ტიპის აღნიშნულმა საფრენმა აპარატმა პირველი აფრენა 2011 წლის 4 თებერვალს, ედვარდსის საჰაერო ბაზიდან განახორციელა. მას შემდეგ ეტაპობრივად მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოცდო ტესტირებები, მათ შორის ავიამზიდიდან აფრენა-დაფრენაში და მართვადი ზეზუსტი შეიარაღების გამოყენებაში.
ფრენის ავტონომიურ რეჟიმში საწვავით გამართვისა და შეიარაღების გამოყენების შესაძლებლობა საშუალებას აჩენს, რომ მომავლის სამხედრო კონფლიქტებში უპილოტო ავიაციის როლი განუზომლად გაიზარდოს.
პენტაგონის გადაწყვეტილებით აშშ-ს საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფი B-52 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების შიდა საბომბე ნაკვეთურებს მოდერნიზაცია ჩაუტარდებათ.
გამოცხადებულ ტენდერში უმსხვილესმა ამერიკულმა ავიამშენებელმა კონცერნმა Boeing-მა გაიმარჯვა.
პირველ ეტაპზე კომპანია უკვე არსებული კარუსელის ტიპის ბომბების ჩამომყრელი მოწყობილობის სამ პროტოტიპს წარმოადგენს, რომლიდანაც საბოლოოდ აირჩევა ერთ-ერთი. 2016 წლის მარტიდან კი უკვე დაიწყება თვითმფრინავების ახალი შიდა საბომბე ნაკვეთურებით აღჭურვა, რომელიც საშუალებას იძლევა B-52 ზე მართვადი და კორექტირებადი სარაკეტო-საბომბე შეიარაღების არსენალი 50 % ით გაიზარდოს. ახლანდელ მოდიფიკაციებში მართვადი შეიარაღების დაკიდება მხოლოდ თვითმფრინავის ფრთებზე, გარე პოლონებზეა შესაძლებელი.
მოდერნიზაციის შემდეგ პირველ ეტაპზე ახალ საბომბე ნაკვეთურში შესაძლებელი იქნება 24 ერთეული 227 კგ კალიბრის და 20 ერთეული 907 კგ კალიბრის JDAM ის ტიპის კორექტირებადი ბომბების დაკიდება. შემდეგში კი JASSM და JASSM-ER ტიპის ფრთოსანი რაკეტების დაკიდებაც.