პენტაგონის გადაწყვეტილებით აშშ-ს საჰაერო ძალების შეიარაღებაში მყოფი B-52 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენების შიდა საბომბე ნაკვეთურებს მოდერნიზაცია ჩაუტარდებათ.
გამოცხადებულ ტენდერში უმსხვილესმა ამერიკულმა ავიამშენებელმა კონცერნმა Boeing-მა გაიმარჯვა.
პირველ ეტაპზე კომპანია უკვე არსებული კარუსელის ტიპის ბომბების ჩამომყრელი მოწყობილობის სამ პროტოტიპს წარმოადგენს, რომლიდანაც საბოლოოდ აირჩევა ერთ-ერთი. 2016 წლის მარტიდან კი უკვე დაიწყება თვითმფრინავების ახალი შიდა საბომბე ნაკვეთურებით აღჭურვა, რომელიც საშუალებას იძლევა B-52 ზე მართვადი და კორექტირებადი სარაკეტო-საბომბე შეიარაღების არსენალი 50 % ით გაიზარდოს. ახლანდელ მოდიფიკაციებში მართვადი შეიარაღების დაკიდება მხოლოდ თვითმფრინავის ფრთებზე, გარე პოლონებზეა შესაძლებელი.
მოდერნიზაციის შემდეგ პირველ ეტაპზე ახალ საბომბე ნაკვეთურში შესაძლებელი იქნება 24 ერთეული 227 კგ კალიბრის და 20 ერთეული 907 კგ კალიბრის JDAM ის ტიპის კორექტირებადი ბომბების დაკიდება. შემდეგში კი JASSM და JASSM-ER ტიპის ფრთოსანი რაკეტების დაკიდებაც.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
საზღვაო-სადესანტო ოპერაციებისას, ზღვაში მყოფი ხომალდებიდან ხმელეთზე პირადი შემადგენლობის გადასროლაში, ტექნიკა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. დროის მცირე მონაკვეთში, მანქანის ფუნქციონალური დატვირთვა რამდენჯერმე იცვლება. წყალში სწრაფ გადაადგილებასთან ერთად ამფიბიას ხმელეთზე ამოსვლა, სხვადასხვა ტიპის გრუნტზე კარგი გამავლობა და გადმოსხმული საზღვაო დესანტის საცეცხლე მხარდაჭერა ევალება.
ტრადიციულ (სახმელეთო) მახასიათებლებთან ერთად, საზღვაო ფაქტორის გათვალისწინება ამფიბიაში განსხვავებული და ზოგჯერ ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნების რეალიზებას მოითხოვს.
დანიშნულების მიხედვით მცურავი სამხედრო მანქანები ორ ძირითად ტიპად იყოფიან. პირველში – ოკეანეებსა და ღია ზღვებში მოქმედების შესაძლებლობა პროექტირებისთანავე იდება.
მეორე ტიპი ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და ჯავშანტრანსპორტიორებს აერთიანებს. ამ ტექნიკას წყლის მცირე დაბრკოლებების (მდინარეები, ტბები) გადალახვა შეუძლია. მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობები საზღვაო-სადესანტო ოპერაციებში გამოყენებას და ღია ზღვიდან მოქმედებას გამორიცხავენ.
ბოლო წლებში სამხედრო მანქანების ამფიბიურობისადმი ინტერესი შემცირდა. დაცვის დრონის და შეირაღების კალიბრის ზრდით გამოწველმა წონის მატებამ, ტექნიკას ცურვის უნარი დააკარგვინა.
ამერიკელები პირველები იყვნენ ვინც საზღვაო-სადესანტო ოპერაციების მექანიზირებისთვის მუხლუხა შასიანი ამფიბიები შექმნეს. ექსპლუატაციაში 1941 წელს მიღებულ მცურავ ტრანსპორტს LVT (ამერიკელი სამხედროები მას `მცურავ ტრაქტორს~ ეძახდნენ) 18-მდე მედესანტე გადაყავდა. ეკიპაჟი 6 კაცისგან შესდგებოდა.
დიდი სადესანტო ხომალდებიდან წყალში ჩაშვების შემდეგ, LVT-ები მათში მსხდომი პირადი შემადგენლობით ნაპირიდან მოძრაობას დამოუკიდებლად აგრძელებდნენ.
პირველი შეუჯავშნავი მოდელების შეიარაღება ორი 7,62 და ამდენივე 12,7 მმ-ის კალიბრის ტყვიამფრქვევისგან შედგებოდა. უკანა აპარელი ორხიდიანი ავტომობილების, მცირე კალიბრის ქვემეხების და ტვირთვის ტრასნპორტირებას უზრუნველყოფდა.
ექსპლუატაციის პროცესში `მცურავი ტრაქტორის~ ბაზაზე შეჯავშნული მოდელი, მცურავი ტანკი 37 მმ-იანი ქვემეხით (ფოტოზე) და 75 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი შეიქმნა.
ომის ბოლომდე ამერიკელებმა 15 ათასზე მეტი LVT დაამზადეს. `მცურავ ტრაქტორებს~ ამერიკული ფლოტი და საზღვაო ქვეითები წყნარ ოკეანეში იყენებდნენ. მცირე მასშტაბით ისინი იტალიურ კამპანიაშიც მონაწილეობდნენ.
1953 წელს მოძველებული `მცურავი ტრაქტორების~ შეცვლისთვის აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსმა შეიარაღებაში LVTP-5-ის ტიპის ახალი ამფიბია მიიღო.
უჩვეულო იერის მიუხედავად, LVTP-5-ი კარგი ზღვაოსნობის უნარით და ნაპირზე მაღალი გამავლობით გამოირჩეოდა. შეჯავშნული კონსტრუქცია სადესანტო საშუალებაში მსხდომებს ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან იცავდა. სამკაციანი ეკიპაჟისას, LVT-5-ი სრულად ეკიპირებულ 34 მედესანტეს იტევდა. ჩასხდომა-გადმოსვლა ცხვირა ნაწილში არსებული აპარალიდან ხდებოდა. ცურვის სიჩქარე 11 კმ/სთ იყო.
საბაზო კონფიგურაციაში მცურავი ტრანსპორტი მხოლოდ ერთი 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით იყო შეიარაღებული. ეს ნაპირზე მედესანტეების საცეცხლე მხარდაჭერისთვის აშკარად არასაკმარისი იყო.
ექპლუატაციის პროცესში 105 მმ-იანი ჰაუბიცით აღჭურვილი მცურავი ტანკის მოდიფიკაცია შეიქმნა. ახალ LVTH-6-ს, რომელის ეკიპაჟიც 7 კაცამდე გაიზარდა, სროლა ცურვის დროსაც შეეძლო. ამერიკელი საზღვაო ქვეითები ამ მანქანას აქტიურად ვიეტნამის ომში იყენებდნენ. გრუნტზე მცირე დაწოლის წყალობით, ჭაობების და დიდი ოდენობით წყლის წინაღობების გამო, ადგილობრივ რელიეფზე მსუბუქი მცურავი ტანკი იდეალური საშუალება იყო. 105 მმ-იანი ქვემეხი (ჭურვის დაბალი სიჩქარის მიუხედავად) საკმარის საცეცხლე ძალას იძლეოდა.
1972 წელს აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსმა შეიარაღებაში ახალი LVTH-7-იმიიღო. განახლებული კონცეფციით შექმნილი ამფიბია, წინამორბედი მოდელებისგან საბრძოლო შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. LVTP-5-სგან განსხვავებით, დესანტის ჩასხდომა-გადასხმა გაცილებით უსაფრთხო - უკანა ნაწილში მდებარე აპარელიდან ხდებოდა. ალუმინის ჯავშანი 3 კაციან ეკიპაჟს და 21 კაციან საზღვაო დესანტს ტყვიებისა და ნამსხვრევებისგან იცავდა.
ხანდაზმული ასაკის მიუხედავად LVTP-5 დღესაც რჩება შეიარაღებაში. ფოტოზე ამფიბიის საინჟინრო მოდიფიკაცია
1982 წელს განხორციელებული მოდერნიზაციის პირველი ეტაპისას, ამფიბიამ ახალი ნიშნული AAV-P7 მიიღო. გაძლიერდა შეიარაღება. 12,7 მმ-იან ტყვიამფრქვევს 40 მმ-იანი ავტომატური ყუმბარსატყორცნი შეემატა. წარმოების ღიებულების შემცირების და ექსპლუატაციის გამარტივებისთვის ძრავა-ტრანსმისიის და შასის ბევრი ელემენტი ქსმ `ბრედლისთან~ იყო უნიფიცირებული.
საბრძოლო მოქმედებებში AAV-P7-ები პირველად არგენტინელებმა 1982 წელს ფოლკლენდის ომში გამოიყენეს. ამერიკელი საზღვაო ქვეითების ამფიბიები აქტიურად 1991 წელს სპარსეთის ყურეში და 2003 წელს ერაყის ომში მოქმედებდნენ.
1980-იანი წლების დასაწყისში, ამერიკელმა საზღვაო-სადესანტო ოპერაციების კონცეფცია შეცვალეს. ნაღმების და სანაპირო დაცვის საშუალებებისგან სადესანტო ხომალდების დაცვისთვის, აქცენტი კონვერტოპლანებზე, აირბალიშიან ხომალდებზე და პერსპექტიულ ამფიბიებზე გაკეთდა. საშუალებებზე, რომლებიც მატარებელი ხომალდიდან ხმელეთზე მოხვედრას გაცილებით უსაფრთხო მანძილიდან შესძლებდნენ.
შეიარაღებაში ახალი ამფიბიის მიღებამდე, AAV-P7 აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ძირითად საბრძოლო ტექნიკად დარჩება.
ახალი ამფიბიის AAAV (advanced Amphibious Assault Vehicle – გაუმჯობესებული სადესანტო-საიერიშო მანქანა) პირველი პროტოტიპი 1980-იანი წლების პირველ ნახევარში დამზადდა. ნოვატორული ტექნიკური გადაწყვეტილებებით შექმნილი და თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებული ამფიბია, იმ დროის ყველაზე ინოვაციურ სამხედრო მანქანად ითვლებოდა. სპეციალისტებმა ყურადღება მობილურობასა და საცეცხლე შესაძლებლობაზე გაამახვილეს.
კორპუსის ორიგინალური კონსტრუქციის და მძლავრი წყალმტყორცნების წყალობით, AAAV წყალში 46 კმ/სთ-ს ანვითარებდა. მაღალი სიჩქარე გლისირების ეფექტმა განაპირობა. ცხვირსა და ბორტებზე დამაგრებული გასაშლელი პანელები ამფიბიის ჰიდროდინამიკურ თვისებებს აუმჯობესებდნენ.
შეიარაღების სახით ამფიბიას ბუშმასტერის 30 მმ-იანი ქვემეხი და შეწყვილებული 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი ჰქონდა. მიზნის ეფექტურ აღმოჩენა-განადგურებაში მემიზნეს დღისა და ღამის სამიზნეები, ინფრაწითელი სისტემა და ლაზერული მანძილმზომი ეხმარებოდა. 3 კაციანი ეკიპაჟისას AAAV-ს 17 მედესანტე გადაყავდა.
საწყისი გეგმა 1013 ინოვაციური ამფიბიის შეძენას ითვალისწინებდა. 2007 წელს შესაკვეთი EFV-ების (Expeditionary Fighting Vehicle) ნიშნული 2003 წელს შეიცვალა) რიცხვი 573-მდე შემცირდა.
სამხედროები გაჭიანურებული გამოცდებით და მანქანის მზარდი ღირებულებით უკმაყოფილონი იყვნენ. გარკვეულ წილად ფასზე უარყოფითი ზეგავლენა სწორედ იმ თანამედროვე ტექნოლოგიებმა იქონიეს, რომელთა მეშვეობით მწარმოებლებმა მაღალ ტექნიკურ პამატერებს მიაღწიეს. კიდევ ერთ მინუსად გართულებული და ძვირადღირებულ ექსპლუატაცია ჩაითვალა. 2011 წელს პემნტაგონმა EFV-ის პროექტი, მასზე 15 მლრდ-ის დახარჯვის შემდეგ, დახურა.
კორპუსის ორიგინალური კონსტრუქციის წყალობით, AAAV წყალში 46 კმ/სთ-ს ანვითარებდა.
გლისირებადი ამფიბიის მიმართ ინტერესის დაკარგვის შემდეგ, საზღვაო ქვეითთა კორპუსის გადაიარაღებისთვის პენტაგონმა ორი ახალი პროექტი წამოიწყო პირველი MPC -ჯავშანტრანსპორტიორის, მეორე ACV კი - საბრძოლო მანქანის შექმნას გულისხმობდა. განვითარება მხოლოდ პირველმა ჰპოვა. ხანგრძლივი განხილვის და კონცეფციის ჩამოყალიბების შემდეგ, 2014 წელს მან ახალი ნიშნული ACV 1.1 მიიღო.
მოთხოვნებით რვათვლიანი ამფიბიის სადესანტო შესაძლებლობები 10-15 კაცით განისაზღვრა. საზღვაო თვისებებსა და ხმელეთზე მაღალ გამავლობასთან ერთად, აქცენტი ბალისტიკურ და ნაღმებისგან დაცვაზე გაკეთდა.
გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ოთხმა პროექტმა მიიღო. General Dynamics-მა ჯავშანტრანსპორტიორ LAV-ის მოდერნიზირებული ვარიანტი წარმოადგინა. 30 მმ-იანი ქვემეხით შეიარაღებულ ამფიბიას 10 მედესანტე გადაყავდა. V-სებრი ფსკერი ნაღმებსგან დაცვას უზრუნველყოფდა.
Lockheed Martin-მა ძალისხმევა ფინურ PATRIA-სთან გააერთიანა. პროექტი თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიების და ციფრული სისტემების გამოყენებით, ფინური ჯავშანტრანსპორტიორის მოდერნიზაციას და მისი ACV 1.1-ის მოთხოვნებზე მორგებას ითვალისწინებდა. უთანხმოების გამო 2015 წელს მხარეებმა თანამშრომლობა შეწყვიტეს და პროექტიც გაჩერდა.
აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის ხელმძღვანელობის განსაკუთრებული ინტერესი სინგაპურულმა Terrex II-მა დაიმსახურა. ST Kinetics-მა ის სინგაპურის შეიარაღებაში არსებული ჯავშანტრანსპორტიორის ბაზაზე შექმნა. ამფიბია წყალში 11 კმ/სთ-ს ანვითარებს. მძლავრი ძრავა და თვლების დაკიდების თანამედროვე სისტემა მანქანის კარგ მანევრულობას და გამავლობას უზრუნველყოფს. 2 კაციანი ეკიპაჟისას, დესანტი 12 საზღვაო ქვეითს ითვლის.
კონკურსის მეოთხე მონაწილე BAE Systems-ის და იტალიური Iveco-ს ერთობლივი პროექტია. SuperAV-ში დესანტისა (13 კაცი) და ეკიპაჟის (3 კაცი) სურსათ-სანოვაგის სამი დღის მარაგი ინახება. მწამოებლების თქმით ეს გარემოება სადესანტო ოპერაციებისას ამფიბიის ავტონომიურობას გაზრდის. განსაკუთრებულ ყურადღებას შუპერAV-ის სადესანტო შესაძლებლობები იმსახურებენ. ამფიბიას ზღვაში გადასვლა ნაპირიდან 18,5 კმ-ით დაშორებული სადესანტო ხომალდიდან შეუძლია.
BAE Systems-ის და იტაალიური Iveco-ს ერთობლივი პროექტი SuperAV
2015 წლის 24 იანვარს გამოქვეყნებული ცნობით, ACV 1.1-ის ფინალში ერთდროულად ორი ამფიბია - Terrex II-ი და SuperAV-ი გავიდა. თავდაცვის უწყებისგან მწარმოებლებმა, 13-13 პროტოტიპის აგებისთვის 110-110 მლნ დოლარი მიიღეს. გამოცდების 2017 წელს დაიწყება. ერთი წლის შემდეგ ფინალისტის დასახელება და მასთან 204 ამფიბიის დაზადებაზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება იგეგმება.
არსებობის განმავლობაში ცეცხლსასროლმა იარაღმა ევოლუციის დიდი გზა გაიარა. ხელით დასატენი მუშკეტებიდან უზუსტეს სნაიპერულ შაშხანებამდე. ხშირ შემთხვევაში ახალი ტიპის და დანიშნულების იარაღის შექმნას საბრძოლო მოქმედებები და მათი წარმოების სპეციფიკა განაპირობებს.
იარაღიდან გასროლას თითქმის ყოველთვის ორი ფაქტორი სდევს თან - სროლის ხმა და ლულიდან გამოსული ცეცხლის ალი. მსოფლიოს არმიებში ცეცხლსასროლი იარაღის ფართო გავრცელების პირველ ეტაპზე, ამ ფაქტორებს ყურადღებას არავინ აქცევდა. პირიქით – მიჩნეული იყო რომ ორივე მათგანი მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მოახდენს და მის დემორალიზაციას შეუწყობს ხელს.
ხმაურის და ცეცხლის ალის `მოშორების~ საჭიროება შედარებით გვიან წარმოიშვა. მტრის ზურგში მოქმედებისას და დივერსიული ოპერაციების ჩატარებსას, ზედმეტი ხმაური – მათ შორის გასროლის ხმა არავის ჭირდებოდა. დღის წესრიგში უხმო იარაღის შექმნის აუცილებლობა დადგა.
ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლისას ხმის წარმოქმნას რამდენიმე გარემოება განაპირობებს. დენთის წვისას, დროის მნირე მონაკვეთში დიდი მოცულობის ენერგიის გამონთავისუფლება ხდება. დენთის გაფართოებული აირები ტყვიას აწვებიან და ლულიდან გამოტყორცნიან მას. ამ დროს მისი სიჩქარე ბგერისას აღემატება და ჰაერის მასაში ზებგერითი სიჩქარით შეჭრილი ტყვია დარტყმით ტალღებს წარმოქმნის. დაახლოებით იგივე ხდება როდესაც სამხედრო თვითმფრინავი ზებგერით სიჩქარეს აჭარბებს.
ტყვიის შემდეგ, ლულიდან გამოსული დამწვარი დენთის აირები ე.წ. სალულე ტალღას ქმნიან. გასროლისას ხმის წარმოქმნას სწორედ ეს ორი _ სალულე და დარტყმითი ტალღები განაპირობებენ. მათ ემატება თავად იარაღის მექანილურ ნაწილების და მექანიზმების მოძრაობით წარმოქმნილი ხმა. ღია ლანდშაფტის პირობებში, მისი გაგონება 40-50 მ-ის რადიუსში შეიძლება.
ამ სამივე ფაქტირუს მოქმედების ერთობლიობას, ადამიანის ყური სროლის ხმათ აღითქვამს.
სხვადასხვა ტიპის მაყუჩების შიდა კონსტრუქცია.
სროლის ხმის ჩამხშობი მოწყობილობები 19-ე საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ. პირველი პატენტი მაყუჩზე 1894 წლის 20 მარტს შვეიცარიელმა ინჟინერმა ეპლიმ მიიღო. მოგვიანებით, 1899 წელს კიდევ ერთი პატენტი დანიელ მეიარაღეებზე – ბერენესსა და სიგბიერსენზე გაიცა. დოკუმენტი მიღების მიუხედავად, ვერ ერთმა მათგანმა მოქმედი ეგზემპლიარის შექმნა ვერ შესძლო.
პირველი მოქმედი მაყუჩი ტყვიამფრქვევის გამომგონებელმა, ჰაირემ სტივენს მაქსიმმა შექმნა. საკუთარ მაყუჩებს მაქსიმი დიდი წარმატებით ჰყიდიდა, მათ შორის მეფის რუსეთშიც. განსაკუთრებული პოპულარობით მაყუჩები მონადირეებში სარგებლობდნენ. აცილების შემთხვევაში, სროლის ხმა მიზანში ამოღებულ ნადირს და ფრინველს არ აფრთხობდა.
სამხედროები მაყუჩებით აქტიურად 1920-იანი წლების ბოლოს დაინტერესდნენ. პირველმა მსოფლიო ომმა, უხმო სროლის მოწყობილობების საჭიროება ცალსახად აჩვენა. მაყუჩებს განსაკუთრებით მზვერავები და დივერსანტები საჭიროებდნენ.
პირველი მაყუჩები წითელ არმიაში 1930-იანი წლების ბოლოს გამოჩნდნენ. БраМит-ის სახელით ცნობილი მოწყობილობა, მოსინის შაშხანებისთვის იყო გამიზნული.
БраМит 7.62X54 კალიბრის სპეციალურ ვაზნებს საჭიროებდა, რომლებშიც დენთის წონა სტანდარტული 3.6 გრამიდან 0.8 გრამამდე იყო შემცირებული. შედეგად, ლულიდან გამოსვლისას ტყვია უკვე ბგერამდელი სიჩქარით მოძრაობდა და ზებგერითისგან განსხვავებით დარტყმით ტალღებს აღარ ქმნიდა.
სროლის ხმაურის წარმომქმნელ მეორე ფაქტორის _ სალულე ტალღის ჩახშობა უშუალოდ მაყუჩით ხდებოდა. მაყუჩების თანამედროვე მოდელების მსგავსად, ცილინდრული ფორმის БраМит-ი გაფართოებულ გაზებს სპეციალური კამერებით ახშობდა.
ნაგანის სისტემის რევოლვერი БраМит ის ტიპის მაყუჩით
შიგნითა მხრიდან ღრუ მაყუჩი, ერთმანეთისგან გატიხრული კამერებისგან შედგება. ტყვიის შემდეგ, მაყუჩში გამავალი დენთის გაფართოებული აირები ამ კამერებში მუხრუჭდებიან. შედეგად მცირდება სალულე ტალღის სიდიდე.
მაყუჩის და ბგერამდელი ტყვიების გამოყენება, გასროლის ხმის შემცირების მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია. 1940-იან წლებში კონსტრუქტორმა გურევიჩმა მეტად ორიგინალური _ დახშული ტიპის უხმაურო რევოლვერი წარმოადგინა. განსაკუთრებულ ინტერესს მისი ვაზნების (კალიბრი 6.5 მმ) კონსტრუქცია იწვევდა.
მასრაში მუხტის წინ დენთის სატენი (პიჟი) იყო მოთავსებული. მასრის წინა მხარეს - სპეციალურ მილიცაში ტყვია იყო ჩასმული. სატენს და მილისას შორის არსებული სივრცე წყლით იყო შევსებული. გასროლისას, გაფართოებული დენთის აირები სატენს აწვებოდნენ, რომელიც თავისმხრივ წყალს აწვებოდა.
გასროლის შემდეგ, სატენი მასრის წინა მხარეს მოთავსებულ მილისას ებჯინებოდა. რაც გაფართოებული აირების გარეთ გამოსვლას უშლიდა ხელს. შედეგად რევოლვერი პრაქტიკულად უხმოდ ისროლდა.
1940-იანი წლების მეორე ნახევარში გურევიჩის რევოლვერის საცდელი პარტია დამზადდა. ეფექტურობის და იდეის ინოვაციურობის მიუხედავად, მეტისმეტად რთული კონსტრუქციის ვაზნების გამო პისტოლეტზე უარი ითქვა.
გერმანელებთან ბრძოლაში გარდატეხის შეტანისთვის, 1940 წელს ბრიტანელები დივერსიული ოპერაციების ჩატარებაზე გადაერთნენ. სპეციალური საბრძოლო დავალებების შესრულება შესაბამის აღჭურვილობას და შეიარაღებას საჭიროებდა. განსაკუთრებული ყურადღება უხმო იარაღს დაეთმო.
პირველი მოდელი სახელად Welrod-ი 9 მმ-ის კალიბრის ვაზნებს მოიხმარდა. ვიზუალურად იარაღი ცილინდრული ფორმის სხეულს წარმოადგენდა. მას პისტოლეტებისთვის და რევოლვერებისთვის დამახასიათებელი არც ჩახმახი და არც სახელური ჰქონდა. ყოველი გასროლის შემდეგ, ინტეგრირებულ მაყუჩიანი Welrod-ი ხელით გადატენას საჭიროებდა. მიჩნეული იყო, რომ მტრის ზურგში მოქმედ დივერსანტს იარაღი მკლავზე ტანსაცმლის ქვეშ, სპეციალურ ზონარზე ექნებოდა ჩამოკიდებული.
ინტეგრირებულ მაყუჩიანი ბრიტანული პისტოლეტი Welrod
არაპრაქტიკულობის გამო SAS-ის მებრძოლებმა SAS-ი დაიწუნეს და მისი გაუმჯობესება მოითხოვეს. მალევე გაჩნდა ახალი მოდელი Welrod Mk.I , რომელსაც პისტოლეტის სახელური და 6 (შემდგომში 8) ვაზნაზე გათვილი მჭიდი ჰქონდა. ომის დროს ბრიტანულმა ქარხნებმა 10 ათასზე მეტი ასეთი უხმაურო პისტოლეტი დაამზადეს. ბრიტანელ კომანდოსებთან ერთად ავსტრალიის სადაზვერვო სამსახური და ამერიკული სტრატეგიული სამსახურების სამმართველო (OSS) იყენებდა. პისტოლეტით მოხიბლულმა ამერიკელებმა, 1945 წელს მისი სერიული წარმოებაც კი დაიწყეს (11.43 მმ-ის კალიბრის ვაზნებით). ამ პისტოლეტს ამერიკელი ჯარისკაცები კორეის ომში და შემდგომ წლებში ინდო-ჩინეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტებში აქტიურად იყენებდნენ.
მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელებს კიდევ ერთი, მეტად ორიგინალური კონსტრუქციის მაყუჩიანი იარაღი ქონდათ. De Lisle-ის ტიპის კარაბინის ავტორი თვითნასწავლი ბრიტანელი ინჟინერი ვილიამ დე ლიზი იყო. მისი კონსტრუქციის მაყუჩებით დაინტრესებულმა სამხედროებმა, ხელმარჯვე ოსტატს უხმო კარაბინი დაუკვეთეს. 9x19 ვაზნების ნაცვლად დე ლიზმა ხელმძღვანელობას .45ACP კალიბრი შესთავაზა. პარაბელუმის ვაზნებთან შედარებით, ეს უკანასკნელი ბგერმდელი სიჩქარით და უფრო დიდი შემაკავებელი ძალით გამოირჩეოდა.
ბრიტანული De Lisle-ი მსოფლიოში პირველი მჭიდიანი და ინტეგრირებულ მაყუჩიანი კარაბინი იყო
De Lisle-ის ტიპის კარაბინებმა გამოცდა წარმატებით გაიარეს. ინტეგრირებულ მაყუჩიანი იარაღის სროლის მანძილი ეფექტურო 190 მ-ს აღწევდა. იარაღს 7 ან 10 ვაზნაზე გათვლილი მჭიდი ქონდა.
გამოცდების შედეგებით აღფრთოვანებულმა სამხედროებმა 1944 წელს 500 კარაბინი დაუკვეთეს. მათგან საპარაშუტო-სადესანტო ნაწილებში გამოყენებისთვის 50 ერტეულს დასაკეცი კონდახი უნდა ჰქონოდა. მაგრამ დასრულებულმა ომმა გეგმებში საკუთარი კორექტივებები შეიტანა. 1945 წლის მაისისთვის მხოლოდ 130-მდე კარებინის დამზადება მოესწრო. ომის დასრულებასთან ერთად De Lisle-ების შემდგომ წარმოებაზე უარი ითქვა. წარმოებაში რთული იარაღის ნაცვლად, ბრიტანელებმა მაყუჩების ქვეითების საშტატო იარაღზე მორგება, უფრო პერსპექიულ და ნაკლებად ხარჯიან საქმედ მიიჩნიეს.
მაყუჩებმა და მათ ფართო გავრცელებამ ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებაში და საბრძოლო მოქმედებების წარმოების სპეციფიკაში ბევრი ცვლილება შეიტანეს. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული, უხმაურო სროლის მოწყობილობებზე არაერთმა საიარაღო ფირმამ დაიწყო მუშაობა. თანდათანობით ხმის ჩახშობასთან ერთად მაყუჩებმა ალმქრობის ფუნქციებიც შეითავსეს.
საკუთარი მინუცები მაყუჩებსაც აქვთ. შედარებით სუსტი ვაზნების გამოყენების საჭიროებასთან ერთად, პისტოლეტების შემთხვევაში მაყუჩები იარაღის გაბარიტებს ზრდიან. ეს თავისმხრივ მის ფარულ ტრანსპორტირებას ართულებს.
1960-იანი წლების დასაწყისში სსრკ-ში უხმაურო სროლის დახშულ პრინციპს დაუბრუნდნენ. 1965 წელს `კა-გე-ბემ~ შეიარაღებაში ახალი პისტოლეტი C4 მიიღო. ორ ვაზნაზე გათვლილი კომპაქტური იარაღი მაყუჩს არ საჭიროებდა. გადატენვის მექანიზმის არ არსებობა, იარაღის მექანიკური ნაწილების მოძრაობით გამმოწვეულ ხმას, თავისთავად გამორიცხავდა.
საბჭოური უხმო პისტოლეტი C4 7,62X63 მმ-ის კალიბრის სპეც-ვაზნებით
უხმო სროლის საიდუმლო სპეციალურ 7,62X63 მმ-ის კალიბრის ვაზნებში იმალებოდა. გურევიჩის ვაზნებისგან განსხვავებით, ტყვიას წინ წყლის ნაცვლად სპეციალური დგუში უბიძგებდა.
ეფექტურობის მიუხედავად უხმო იარაღმა, რომელშიც დენთის აირების ჩახშობა მასრაშივე ხდება დიდი გავრცელება ვერ ჰპოვა. მთავარი მიზეზი რთული კონსტრუქციის ვაზნები იყო.
დღეს მაყუჩებს პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის ცეცხლსასროლ იარაღზე, მათ შორის ტყვიამფრქვევებზე იყენებენ.
მეგობრული ცეცხლი - როდესაც საბრძოლო მოქმედებების მონაწილე მხარე მიზეზთა გამო საკუთარ ან მოკავშირე დანაყოფებს უხსნის ცეცხლს, ომების განუყოფელი ნაწილია. თანამედროვე არმიებში მოწინავე ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების დანერგვის მიუხედავად, მეგობრული ცეცხლის შემთხვევები დღესაც ხშირია.
ისტორიულად დადასტურებული პირველი ასეთი შემთხვევა 1471 წლით თარიღდება. 1400-იან წლებში ინგლისში ვარდების ომი მძვინვარებდა. 14 აპრილს ბარნეტის მიდამოებში ლანკასტერებსა და იორკებს შორის მორიგი ბრძოლა გაიმართა.
გრაფ ჯონ ოქსფორდის შენაერთის გერბი, რომელსაც საგვარეულო ვერცხლის ვასკვლავი ამშვენებდა ნისლის გამო იორკების სახლის ემბლემად – ამომავალ მზედ მიიჩნიეს და ლანკასტერელებმა მოკავშირეებს ისრების წვიმა დაუშინეს. იორკების მეთაურმა მეფე ედუარდ IV-მ მტრის ბანაკში დაწყებული არეულობით ისარგებლა და დაბნეული მოწინააღმდეგე ადვილად დაამარცხა.
ევროპულ არმიებში ცეცხლსასროლი იარაღის და ქვემეხების მომრავლებათან ერთად, მეგობრული ცეცხლის შემთხვევებმა იმატა. ასე მაგალითად 1815 წელს ვატერლოს ბრძოლისას მოწინააღმდეგის და მოკავშირეების ადგილმდებაერობის განსაზღვრაში დაშვებული შეცდომის გამო, პრუსიელების არტილერიამ ბრიტანული არტილერიის პოზიციები დაბომბა. ბრიტანელებმაც არ დააყოვნეს და დარწმუნებულებმა, რომ მათ ფრანგული ქვემეხები ესვრიან, პრუსიელებს მძლავრი საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.
მხედარმთავრების აქტიური მცდელობების მიუხედავად, მეგობრული ცეცხლის ფაქტების შემცირება ვერ ხერხდებოდა. თითქმის შემთხვევაში მიზეზი ერთი და იგივეა _ მცდარი ინფორმაცია მოწინააღმდეგის და საკუთარი დანაყოფების მდებარეობის შესახებ, დაზვერვის მიერ მოცემული არასწორი ცნობები, მეტეოროლოგიური პირობები (ნისლი, ცუდი ხილვადობა) ბრძოლის ქარცეცხლში პირადი შემადგენლობის მიერ დაშვებული შეცდომები.
კიდევ ერთი მიზეზი ხშირად ტექნიკის არასწორი იდენტიფიკაციაა. 1943 წლის 13 აგვისტოს ბრიტანული Matilda-ებით შეიარაღებული საბჭოური 233-ე სატანკო ბრიგადა საკუთარი ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა. ორმხრივი სროლისას განადგურდა სამი ტანკი და ორი ქვემეხი. ერთი წლის თავზე ამერიკული Sherman-ებით გადაიარაღებულ იგივე დანაყოფს 20-ე სატანკო კოპრუსის T-34-ებმა გაუსხნეს ცეცხლი.
ამერიკული Sherman საბჭოთა ჯარების შეიარაღებაში.
ორივე შემთხვევაში შეტევაზე გადასული შენაერთები დროულად არ იყვნენ ინფორმირებულნი შეიარაღებაში უცხოური წარმოების ტანკების არსებობის შესახებ და არ იყვნენ გაცნობილნი მათ სილუეტებს.
მეგობრული ცეცხლის შემთხვევები მოკავშირეების შორისაც მრავლად იყო. ბრიტანელები და ამერიკელები სადაზვერვო-ოპერატიულ ინფორმაციას იშვიათად უზიარებდნენ ერთმანეთს. 1943 წლის 11 ივლისი ამერიკული სატრანსპორტო ავიაციის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა. სიცილიის სადესანტო ოპერაციისას 144 ერთეული ამერიკული C-47-ებისგან შემდგარ ჯგუფს ბრიტანელემა მეზენიტეებმა ცეცხლი გაუხსნენს. 23 თვითმფრინავი ჩამოვარდა, 37 დაზიანდა. დაშავდა 318 და დაიღუპა 100 ადამიანი.
გამოძიებამ ვერ შესძლო მიზეზის დადგენა. ბრიტანელები და ამერიკელები მომხდარს ერთმანეთს აბრალებდნენ. საინერესოა როგორ ვერ შესძლეს ბრიტანელებმა ჰაერში დანახულ თვითმფრინავებში C-47-ების ამოცნობა, რომლებსაც თავადვე იყენებდნენ. მსგავსი გაბარიტების მიუხედავად, გერმანული სატრანსორტო ju-52-ების და ამერიკული C-47-ების ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ მარტივად – ძრავების რაოდენობით შეიძლებოდა. გერმანულს 3 ძრავა აქვს, ამერიკულს 2.
მეორე მსოფლიო ომის დროს ოპერატიული ინფორმაციის სიმწირემ, საშტაბო და კავშირის დანაყოფების მუშაობაში დაშვებულმა შეცდომებმა, გაურკვევლობამ, არასწორედ ან დაგვიანებით გადაცემულმა ბრძანებებმა, მეგობრული ცეცხლის არაერთი შემთხვევა ჰანაპირობეს.
ერთმანეთისგან საკუთარი და მოწინააღმდეგის თვითმფრინავების გარჩევისთვის, ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს აეროპლანებზე სახელმწიფო კუთვნილების ნიშნების დატანა დაიწყეს. ფრთებსა და ფიუზელაჟზე სხვადასხვა ფერებში შესრულებული წრეები და ვარსკვლავები ჰაერში პილოტებს და მიწაზე ქვეითებს თვითმფრინავის კუთვნილების დადგენაში ეხმარებოდნენ.
იაპონური გამანადგურებელი Mitsubishi A6M Zero ფიუზელაჟზე დატანებული განმასხვავებელი წითელი რგოლით.
იმ შემთხვევებში როდესაც ამოსაცნობი ნიშნები საქმეს არ შველოდა, სამხედროები სხვადასხვა მეთოდებს მიმართავდნენ. ერთმანეთისგან საკუთარი და გერმანული თვითმფრინავების გარჩევისთვის, სატრანსპორტო გემების საესკორტო ავიამზიდების პილოტებს აფრენის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში შასის აკეცვა ეკრძალებოდათ. სარდლობა თვლიდა რომ ამ გზით მეზენიტეები მიზანს უკეთ ამოიცნობდნენ. დაშვებულ სავალალო შეცდომას ამერიკელები მხოლოდ შეუკეცავ შასიანი თვითმფრინავების მიერ რამდენიმე გემის ჩაძირვის შემდეგ მიუხვდნენ - გერმანულ ju-87-ს შასი საერთოდ არ ეკეცებოდა.
1950-იანი წლების მეორე ნახევარში, საზენიტო კომპლექსების და `ჰაერი-ჰაერი~ კლასის რატეკების მომრავლებასთან ერთად, საფრენ აპარატებზე სახელმწიფო კუთვნილების ამოცნობის რადიოსისტემების დაყენება დაიწყეს. ის ამარტივებდა შორ დისტანციებზე მყოფი ობიექტების ამოცნობას და მეგობრული ცეცხლის ალბათობასაც ამცირებდა. `შენი-სხვისი~ პრინციპით მომუშავე სისტემა დასხივების შემთხვევაში შესაბამის კოდირებულ სიგნალს გზავნიდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მეგობრული ცეცხლის ყველაზე მსხვილი შემთხვევა 1974 წლის ივლისში მოხდა. კვიპროსის დაზვერვის დეზინფორმაციით მოტყუებულმა თურქებმა სამხედრო თვითმფრინავებით საკუთარი საესკადრო ნაღმოსნები დაბომბეს.
20 ივლის თურქებმა კუნძულზე შეჭრისთვის მზადება დაიწყეს. ერთი დღით ადრე კვიპროსის პორტი სადესანტო ხომალდმა HS Lesbos (L-172) დატოვა. მის ბორტზე კუნძულზე დროებით განთავსებული 450 ბერძენი ჯარისკაცი იმყოფებოდა.
ესკორტის გარეშე მოძრავი სადესანტო ხომალდი მსუყე ლუკმა აღმოჩნდა. მასთან ერთად თურქები კვიპროსის ნაპირებთან მყოფი სამი ბერძნული ხომალდის განადგურებაც გადაწყვიტეს.
ამასობაში სამი თურქული საესკადრო ნაღმოსანი კუნძულზე გადასხმულ დესანტს საცეცხლე მხარდაჭერას უწევდა. მოწინააღმდეგის რიცხოვრივად დიდი ძალების შეკავებისთვის, კვიპროსის დაზვერვამ კარგად გათვლილ ხრიკს მიმართა. დაუშიფრავ რადიოგრამაში კვიპროსელები `ბერძნულ~ ხომალდებს დროული მოსვლისთვის და გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდნენ. კვიპროსელები იცოდნენ, რომ თურქები მათ შეტყობინებას წაიკითხავდნენ. დეზინფორმაციის აზრი სწორედ ამაში მდგომარეობდა. თურქებმა მიღებული ინფორმაცია არ გადაამოწმეს და `ბერძნული~ ხომალდების დაუყოვნებლივ განადგურების ბრძანება გასცეს.
კვიპროსელების დეზინფორმაციის საფუძველზე, თურქული თვითმფრინავების დაბომბვის შედეგად თურქული ფლოტის Gearing-ის კლასის ორი საესკადრო ნაღმოსანი დაზიანდა, მესამე კი ჩაიძირა.
საჰაერო დარტყმისთვის 28 F-100D და 18 F-104G გამოყვეს. დეზნფორმაციასთან ერთად მეგობრულ ცეცხლს თურქულ ხომალდებზე სახელმწიფო კუთვნილების ამოცნობის სისტემის არარსებობამაც შეუწყო ხელი. ავიაიერიშის შედეგად ორი საოსკადრო ნაღმოსანი დაზიანდა, მესამე ჩაიძირა. დაიღუპა 78 თურქი მეზღვაური.
გასული საუკუნის 1980-იანი წლები არმიებში დიდი მოცულობით თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით აღინიშნა. ღამის ხედვის მოწყობილობები, თბოვიზორები, პორტატული ლაზერული მარკერ-მანძილზომები, კავშირის თანამედროვე საშუალებები, GPS გადამცემები – მოწინააღმდეგის ადრეულ-აღმოჩენა დაფიქსირებასთან ერთად, ზრდიდნენ იარაღის სიზუსტეს და თეორიულად მეგობრული ცეცხლის ალბათობასაც ამცირებდნენ. თუმცა ზოგჯერ თეორია და პრაქტიკა ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდება.
ამერიკელები პირველები იყვნენ ვინც M1 Abrams-ის სამიზნე კომპელქსებში თბოვიზორები მასობრივად გამოიყენეს. ამ სისტემებმა 1991 წელს ოპერაცია `უდაბნოს ქარიშხალში~ გადამწყვეტი როლი ითამაშეს.
დანაკარგების შემცირებისთვის, M1 Abrams-იები ღამით მოქმედებდნენ. ასეთ პირობებში თბოვიზორების გამოყენება ამერიკელებს დიდ უპირატესობას აძლევდა. მაგრამ ამავდროულად სამხედროები სერიოზულ პრობლემას წააწყდნენ.
ერაყის 1991 წლის კამპანიაში დაკარგული 23 Abrams-დან, 7 მეგობრული ცეცხლის შედეგად განადგურდა.
საკუთარი ტანკებიდან სროლისას და დამწვარი ერაყული ტექნიკის ცეცხლისგან წარმოქმნილი სინათლე, `აბრამსების~ თბოვიზორებს `აბრმავებდა~. ზედმეტი შუქის პირობებში მემიზნე-ოპერატორებს მოქმედება უჭირდათ. მცირე გამოცდილების გამო, 2,5-3 კმ-ის დისტანციებზე ეკიპაჟები საკუთარი და მტრის ტექნიკის ერთმანეთსგან ვერ არჩევდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც წინ მიმავალ საკუთარ ტანკში ჭურვის ან РПГ-ს ყუმბარის მოხვედრას, `აბრამსის~ მემიზნე-ოპერატორები თბოვიზორის ეკრანებზე, მოწინააღმდეგის ტანკებიდან გახსნილი ცეცხლის ნათებად აღითქვამდნენ და საპასუხო ცეცხლს ხსნიდნენ.
21-ე საუკუნეში მეგობრული ცეცხლის მთავარ მიზეზად ადამიანური ფაქტორი ითვლება. 2007 წელს ამერიკულმა F-15-მა საჰაერო მხარდაჭერისას შეცდომით ბრიტანული დანაყოფი დაბომბა. GPS-ში აკუმულატორის გამოცვლის შემდეგ, ჯარისკაცებს დაავიწყდათ, რომ ასეთ დროს მოწყობილობა გადასცემს არა მიზნის, არამედ იმ კოორდინატებს რომელშიც თავად იმყოფება. ბომბი სწორედ ამ წერტილს დაეცა.
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები პირადი შემადგენლობის ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახებიან. ყოველდღიური სტრესი და დაღლა ჯარისკაცების რეაქციას, სიფხიზლეს ამცირებს და ბრძოლაში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების დროს ზრდის. შესაბამისად მკვეთრად იზრდება მეგობრული ცეცხლის ალბათობაც.
დაღლის წინააღმდეგ ერთ-ერთ საშუალებად სამედიცინო პრეპარატები, მაგალითად ამფეტამინი განიხილება. მეორე მსოფლიო ომის დროს ამფეტამინს აშშ, გერმანია, სსრკ აქტიურად იყენებდნენ. ამჟამად ამერიკის რეგულარულ არმიაში ის აკრძალულია. თუმცა სპეც-დანიშნულების დანაყოფების პირად აფთიაქის კომპლექტში მაინც შედის. მას 8-სთ-ზე მეტი ხანგრძლივობის საბრძოლო ოპერაციებისას მოიხმარენ.