სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის განახლებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ცენტრის თანამშრომლების მიერ კაპიტალურად გარემონტდა სეტყვის საწინააღმდეგო 84 დანადგარი, მიმდინარე სეზონისათვის შეძენილ იქნა 5 000-ზე მეტი რაკეტა, ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და დამუშავების მიზნით, მართვის ცენტრს ჩაუტარდა პროგრამული მოდერნიზაცია, გერმანელი სპეციალისტის მიერ კი განხორციელდა რადარის ნაწილობრივი განახლება. ასევე სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტის 15-მდე თანამშრომელმა საბრძოლო მასალებთან მუშაობის წესების შესახებ გადამზადება გაიარა.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა „დელტას“ ბაზაზე შეიქმნა და მისი მიზანი კახეთის რეგიონში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სეტყვისაგან დაცვა და მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაა. სისტემა კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტს მოიცავს, ხოლო დასაცავი ტერიტორიის ფართობი 800 000 ჰექტარია. „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მართვის დეპარტამენტში მეტეო პროცესებზე დაკვირვება 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.