დელტა
სიახლეები
სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტს დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა
გამოქვეყნების თარიღი:
21/10/2015

სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტს (სფტი) დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა.

“ამ საიუბილეო დღეს შეიძლება თამამად განვაცხადოთ, რომ 70 წლის წინ საქართველოში მაღალი ტექნოლოგიების უნიკალური ცენტრი დაარსდა, რაც მეტად მნიშვნელოვანი და პროგრესული ნაბიჯი იყო.
ინსტიტუტი გამოჩენილი გერმანელი მეცნიერების მონაწილეობით ყალიბდებოდა. აქ მოღვაწეობდნენ მანფრედ ფონ არდენე და გუსტავ ჰერცი, შემდგომში ნობელის პრემიის ლაურეატები და დიდი აღმოჩენების ავტორები, რომელთა შრომებმა მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს მსოფლიო მეცნიერების პროგრესს.
პირველი ბირთვული იარაღის შექმნის ამოცანით განსაზღვრული საკითხების წარმატებით გადაწყვეტის შემდგომ ინსტიტუტი აგრძელებდა წარმატებულ მუშაობას რიგ ფუნდამენტურ სამეცნიერო პრობლემებზე, ათეულობით წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის და მსოფლიო სამეცნიერო პოტენციალის ამაღლების საკითხებში.
ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, ინსტიტუტი ჯეროვან სიმაღლეზეა და თავისი წვლილი შეაქვს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო სამეცნიერო პოტენციალის გაზრდაში.
დრამატული იყო სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის ბედი და განვითარების ისტორია.
აფხაზეთში განვითარებულმა სამხედრო კონფლიქტმა მძიმე დარტყმა მიაყენა ინსტიტუტს და საფრთხე შეუქმნა მის არსებობას. ინსტიტუტის ათეულობით თანამშრომელი შეეწირა ომს.
ინსტიტუტმა წლების განმავლობაში შექმნილი სამეცნიერო-ტექნოლოგიური კერა მიატოვა და თბილისში დაფუძნდა, როგორც ფენიქსი აღსდგა ფერფლიდან და საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების და ქართველი მეცნიერების დაუღალავი შრომით კვლავ დაადგა აღორძინების გზას.
ინსტიტუტში დღესდღეობით ვითარდება მრავალი სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიმართულება, მათ შორის ზოგიერთი უკვე დანერგვის სტადიაში – ინსტიტუტის სათავო ორგანიზაციის სსსტც „დელტა“-ს ძირითად საწარმოებში.
ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის დღევანდელი ხელმძღვანელობის გეგმაზომიერი და მიზანმიმართული საქმიანობა შემდგომი წარმატების საწინდარია.
სიამაყით შეიძლება ითქვას, რომ დღეს სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტა“-ს შემადგენლობაშია და სხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან ერთად ყოველწლიურად მეტი და მეტი წვლილი შეაქვს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში.
ვუსურვებთ სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტს შემდგომ წარმატებებს კაცობრიობის სამეცნიერო განვითარებისა და პროგრესისთვის.”

უჩა ძოძუაშვილი

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალური დირექტორი

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.