გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრასთან მდებარე აფეთქებული საბძოლო მასალების საცავის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იწყება.
პროექტი „საქართველო IV” ის ფარგლებში სამუშაოებს სახელმწიფო სამხედრო ტექნიკური ცენტრი „დელტა” საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს.
პროექტი NATO-ს უზრუნველყოფის სააგენტოს (NSPA – NATO Support Agency) მხარდაჭერით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის ხელშეწყობით, ლიტვის და ჩეხეთის რესპუბლიკების თაოსნობით ხორციელდება. პროექტის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1 600 000 ევროს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დღეს სოფელ სკრაში ნატოს ნდობის ფონდის პროექტების მენეჯერი დევიდ თაუნდროუ, სსსტც „დელტას” და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ოფიციალურმა სტუმრებმა მიმდინარე მოსამზადებელი და უკვე შესრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსმა სამხედროებმა დანაღმეს და ააფეთქეს გორის რაიონის სოფ. სკრაში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მიწისქვეშა საცავი, რომელშიც განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობისა და დანიშნულების საბრძოლო მასალები, აფეთქების შედეგად ჩამოიშალა დაახლოებით 250 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მიწის ქანები, რომლის ქვეშაც განთავსებული იყო საცავი. აფეთქების შედეგად საბრძოლო მასალებისა და ფეთქებადი ნივთიერებების ნაწილი გამოიტყორცნა რამოდენიმე ასეულ მეტრზე და გაიფანტა საცავის წინ, დაახლოებით 130000 მ2 ტერიტორიაზე, ხოლო ძირითადი ნაწილი დარჩა დანგრეულ საცავში ჩამოშლილი მთის მასივის ქვეშ.
ომის შემდეგ განხორციელდა საცავის მიმდებარე ტერიტორიის განაღმვა და გასუფთავება საცავის აფეთქების შედეგად გამოტყორცნილი საბრძოლო მასალების, მათი შემადგენელი ნაწილებისა და ფრაგმენტებისაგან, რომლებიც დადგენილი წესით გადატანილი და განადგურებული იქნა სამხედრო პოლიგონზე სსიპ სსსტც “დელტა”-ს სპეციალისტებისა და თავდაცვის სამინისტროს სათანადო სტრუქტურების მონაწილეობით.
პროექტის მიზანია საცავის აფეთქების შედეგად მთის მასივის ჩამონაშალ ქანებში მოყოლილი საბრძოლო მასალების მოძიება, გამოტანა, დახარისხება, საფრთხეშემცველი ნაწილის უტილიზაცია და განადგურება და დაბინძურებული ჩამოშლილი ქანების ნეიტრალიზაცია.
სამუშაოები ხორციელდება სსიპ სსსტც “დელტა”-სა და მასთან არსებული სამთო ინსტიტუტისა და მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ, ასევე “დელტა”-ს ომის ფეთქებადი ნარჩენების საკოორდინაციო ცენტრისა და თავდაცვის სამინისტროს სათანადო სტრუქტურების მონაწილეობითა და ხელშეწყობით.
სსიპ სსსტც “დელტა”-ს 2003 წლიდან დღემდე ნატო-ს, ეუთო-ს, აშშ-სა და გერმანიის დაფინანსებით განხორციელებული აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებიც ეხებოდა ვადაგასული და ჩამოწერილი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფას, გადამუშავებასა და განადგურებას, ასევე გარემოსდაცვითი სამუშაოების ჩატარებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საბჭოთა კავშირის, შემდგომ რუსეთის, შეიარაღებული ძალების ყოფილ სამხედრო ბაზებზე.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.