11 ნოემბერს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად პრეზენტაცია გაიმართა სადაც წარმოდგენილი იქნა კახეთის რეგიონში 2015 წელს დამონტაჟებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ ჩატარებული სამუშაოები მიმდინარე წლის სეზონის განმავლობაში. შემაჯამებელი სიტყვიერი ანგარიში მოწვეულ სტუმრებს სსსტც „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა ჩააბარა. პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სამინისტროების ოფიციალური წარმომადგენლები. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე მუშაობა სსსტც “დელტამ” 2013 წელს დაიწყო საქართველოს მთავრობის დაკვეთით. სისტემის როგორც ელექტრონული ასევე მექანიკური კომპონენტების უდიდესი ნაწილი საქართველოში, „დელტას“ საწარმოებში დამზადდა. სისტემის შემადგენლობაში შედის მართვის ცენტრი თბილისში, ცენტრალური მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი სიღნაღთან და 80 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი მთელი კახეთის მასშტაბით. სისტემის პირველი სროლები ამაწლის 28 მაისს განხორციელდა და სულ სეზონზე 1000 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტაა გასროლილი. ზაფხული-შემოდგომის სეზონის განმავლობაში კახეთში 50 სეტყვასაშიში პროცესი განვითარდა, საიდანაც სისტემამ 47 პროცესი სრულიად გაანეიტრალა, შედეგად სეტყვასაწინააღმდეგო სისტემამ წელს 95 % იანი ეფექტურობა აჩვენა. აღნიშნულ სისტემაში გამოყენებული სეტყვასაწინააღდეგო რაკეტები დამზადებულია მსოფლიო სტანდარტების დაცვით, შეიცავს ვერცხლის იოდიდის შემცველ რეაგენტს და ეკოლოგიურად სრულიად უსაფრთხოა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.