საქართველო ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი გახდა. უპრეცედენტო შეთანხმებას ხელი 2014 წლის 16 ოქტომბერს ლიტვის დედაქალაქში საქართველოს ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუზას ოლეკასმა და ცენტრის დირექტორმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა მოაწერეს.
საქართველო ნატოს პირველი არაწევრი პარტნიორი – კონტრიბუტორი ქვეყანაა, რომელიც ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს მიუერთდა. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევებში და პროგრამებში ქართული მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა” ჩაერთვება, რომელსაც ვილნიუსში მდებარე ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში ერთი მუდმივი წარმომადგენელი ეყოლება. NATO-ს არაწევრ ქვეყანასთან ამ ტიპის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა თავის მხრივ უპრეცედენტო მოვლენაა. ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრი 2012 წლის 10 ივლისს დაარსდა, ის ოფიციალურად 2013 წლის 6 სექტემბერს ალიანსის გენერალურმა მდივანმა და ლიტვის პრეზიდენტმა გახსნეს.
ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის პირველი გაფართოება ნატოს არაწევრი ქვეყნით, საქართველოთი დაიწყო. გაფართოების პროცესს 2014 წელს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ერთ–ერთი დამაარსებელი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი დაასრულებს.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთელი ის გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყნებშია დაგროვილი ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით, ხელმისაწვდომი გახდება “დელტას“ სამეცნიერო-ტექნიკური განვითარებისთვის. ასევე “დელტას“ პოტენციალი ხელმისაწვდომი იქნება გაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის. “ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მოვლენაა, რათა გაძლიერდეს საქართველოს თანდათანობითი ინტეგრაცია ამ მიმართულებით. ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სამხედრო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებისთვის ამ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.