11 აპრილს სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ ნატოს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის, ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიის და სსსტც დელტას მიერ ერთობლივად ორგანიზებული, ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კურსი გაიხსნა, რომელსაც სხვადასხვა სამინისტროებიდან მოწვეული მსმენელები ესწრებიან.
ღონისძიება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა გახსნა.
ტრენინგს უძღვებიან ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიის, ნატოს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის, ბრითიშ პეტროლიუმის, საქართველოში ამერიკის საელჩოს და ლიტვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. ლექციებს წაიკითხავენ სსსტც დელტას გენერალური დირექტორი, ლიტვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და NATO-ს ტრანსფორმაციის დარგში მოკავშირეთა სარდლობის წარმომადგენელი.
ღონისძიება 15 აპრილამდე გაგრძელდება.
საქართველოს NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი 2014 წლის 17 ოქტომბერს გახდა, ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევებში და პროგრამებში ქართული მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი დელტა ჩაერთო, რომელსაც ვილნიუსში მდებარე NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში ერთი მუდმივი წარმომადგენელი ჰყავს.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.