საქართველო ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის კონტრიბუტორი პარტნიორი გახდა. უპრეცედენტო შეთანხმებას ხელი 2014 წლის 16 ოქტომბერს ლიტვის დედაქალაქში საქართველოს ვიცეპრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, ლიტვის თავდაცვის მინისტრმა იუზას ოლეკასმა და ცენტრის დირექტორმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა მოაწერეს.
საქართველო ნატოს პირველი არაწევრი პარტნიორი – კონტრიბუტორი ქვეყანაა, რომელიც ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს მიუერთდა. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ ცენტრის მიერ განხორციელებულ კვლევებში და პროგრამებში ქართული მხრიდან სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" ჩაერთვება, რომელსაც ვილნიუსში მდებარე ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში ერთი მუდმივი წარმომადგენელი ეყოლება. NATO-ს არაწევრ ქვეყანასთან ამ ტიპის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა თავის მხრივ უპრეცედენტო მოვლენაა. ნატოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრი 2012 წლის 10 ივლისს დაარსდა, ის ოფიციალურად 2013 წლის 6 სექტემბერს ალიანსის გენერალურმა მდივანმა და ლიტვის პრეზიდენტმა გახსნეს.
ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის პირველი გაფართოება ნატოს არაწევრი ქვეყნით, საქართველოთი დაიწყო. გაფართოების პროცესს 2014 წელს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ერთ–ერთი დამაარსებელი ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი დაასრულებს.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთელი ის გამოცდილება, რომელიც ამ ქვეყნებშია დაგროვილი ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით, ხელმისაწვდომი გახდება "დელტას“ სამეცნიერო-ტექნიკური განვითარებისთვის. ასევე "დელტას“ პოტენციალი ხელმისაწვდომი იქნება გაერთიანების წევრი ქვეყნებისთვის. "ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი მოვლენაა, რათა გაძლიერდეს საქართველოს თანდათანობითი ინტეგრაცია ამ მიმართულებით. ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სამხედრო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებისთვის ამ თანამშრომლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
12 ნოემბერს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში საერთაშორისო კონფერენცია და ინდუსტრიული გამოფენა IESMA 2014 გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სსსტც ,,დელტას'' სტენდიც, რომელზეც ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი კვლევითი ინსტიტუტების მიერ დამზადებული სხვადასხვა ნიმუშები და ნაკეთობებია წარმოდგენილი. მათ შორის მზის პორტატული პანელები, გერმანიუმის და სილიციუმის მონოკრისტალები, კერამიკული ჯავშანფილები და სხვა.
ღონისძიების მთავარი ორგანიზატორია ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ინოვაციური ცენტრი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრი „დელტა“.
დამატებითი მხარდამჭერები არიან ნატო-ს საინფორმაციო უსაფრთხოების სამმართველო, ნატოს პროგრამები უსაფრთხოებისა და ,,მეცნიერება მშვიდობისათვის“, ნატოს მომსახურების ორგანო და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.
IESMA 2014-ის მიზანია სამხედრო სფეროში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის უზრუნველყოს პლატფორმის შემუშავება ინფორმაციის, გამოცდილების და სამხედრო ტექნოლოგიების გაცვლისთვის.
IESMA 2014 -ზე წარმოდგენილი თემატიკის მთავარი ასპექტები
ღონისძიება შედგება ორი ნაწილისგან: კონფერენციისა და სამრეწველო გამოფენისგან. კონფერენციაზე შეიკრიბებიან მეცნიერები, სამრეწველო და სამხედრო სპეციალისტები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნას და განიხილავენ წარმოდგენილ მასალას, რომელიც ფოკუსირებული იქნება ენერგიის დაზოგვის სტანდარტულ, მოწინავე და უახლეს ტექნოლოგიებზე. სამრეწველო გამოფენა მისცემს შესაძლებლობას ინოვაციური ენერგოტექნოლოგიის და გადაწყვეტილების მიმწოდებლებს გამოავლინონ და განუმარტონ თავისი წინადადებები IESMA 2014-ის ყველა მონაწილეს.
IESMA 2014-ის მთავარი ასპექტები
ა) ინოვაციური ენერგო ტექნოლოგიების სამოქალაქო სექტორიდან სამხედრო სექტორისთვის გადაცემის დაჩქარება;
ბ) სტანდარტული ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად მგრძნობიარე ტექნოლოგიების აღნიშნულ სფეროში დანერგვის ხელშეწყობა;
გ) უახლესი ტექნოლოგიების სამხედრო სფეროში პრაქტიკული გამოყენების ადაპტაციის გაუმჯობესება;
დ) სამრეწველო და სამეცნიერო საზოგადოებაში აღნიშნული ტექნოლოგიებისადმი სამხედრო ინტერესის შესახებ ინფორმირების გაზრდა;
ე) არსებული ტექნილოგიების შესახებ სამხედრო სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირების გაზრდა.
კონფერენცია და გამოფენა ლიტვის საგამოფენო და კონგრეს ცენტრ LITEXPO-ში იმართება და 14 ნოემბერს დაიხურება.
7 ნოემბერს სსსტც ,,დელტას,, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის კურსანტები და ინსტრუქტორები ესტუმრნენ.
სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები თბილისის საავიაციო ქარხნის ისტორიას გაეცნენ, შემდეგ კი საწარმოში ,,დელტას,, მიერ შექმნილი ქართული შეიარაღების სხვადასხვა ნიმუშები დაათვალიერეს.
ლეგიონი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელს ატარებს და მოზარდების სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას ემსახურება.