საქართველოს მთავრობის დაკვეთით, სსსტც ”დელტას” მიერ კახეთის რეგიონში მიმდინარე სეტყვის საწინაღმდეგო სისტემის მშენებლობის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელ ნუკრიანის სიახლოვეს მეტეოროლოგიური რადიოლოკაციური სადგურის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
ჭოტორის მთაზე, წინასწარ განსაზღვრულ წერტილზე სტაციონარული რადიოლოკაციური სადგურის კოშკურის საძირკველი გაითხარა.
მშენებლობას სსსტც “დელტას” შვილობილი კომპანია “მშენებელი-2011” აწარმოებს, რომლის თანამშრომლებიც თოვლიანი ამინდის მიუხედავად მძიმე ტექნიკის დახმარებით შეუჩერებლად მუშაობენ.
რადიოლოკატორის საყრდენი კოშკურის აწყობა კი სსსტც “დელტას” საწარმოებში მიმდინარეობს.
მეტეოროლოგიური რადიოლოკატორი სეტყვის საწინაღმდეგო ერთიანი სისტემის შემადგენელი კომპონენტია, მისი საშუალებით სეტყვის ღრუბლის აღმოჩენა და კონტროლი ადრეულ სტადიაზე მოხდება. რადიოლოკაციური სადგური კახეთის მთელს რეგიონს გადაფარავს.
პარალელურად კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ ადგილებზე აქტიურად მიმდინარეობს სეტყვის ღრუბელზე ზემოქმედების საცეცხლე წერტილების მოწყობა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ამოქმედების შემდეგ კახეთის რეგიონში სეტყვისაგან მიყენებული ზარალი 85-95 %-ით შემცირდება.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.