კახეთის რეგიონს სეტყვასაწინააღმდეგო სერვისს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი გაუწევს. დელტას გენერალური დირექტორის უჩა ძოძუაშვილის განმარტებით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საცდელ ექსპერიმენტალურ რეჟიმში მუშაობა დაასრულა და ის სამართავად შ.პ.ს. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრს გადაეცა. შ.პ.ს. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის 100% წილის მფლობელი კვლავ სახელმწიფო რჩება.
მოგახსენებთ, რომ სსსტც ,,დელტას,, ძირითადი მისია საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან და თავდაცვის ეროვნული სტრატეგიიდან გამომდინარეობს. ცენტრის ძირითადი ამოცანა ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობაა. თანამედროვე და ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების პროექტირება-წარმოებაში დანერგვა, მსოფლიო ტენდენციებს მორგებული საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების დაპროექტება, შექმნა და სერიული წარმოება.
3 წლის განმავლობაში სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ოპერირებისას სსსტც „დელტა“-ს მიერ მიღწეულ იქნა სეტყვის საწინააღმდეგო სამუშაოების 95%-იანი ეფექტურობა, ჩამოყალიბდა როგორც ოპერირების რეგლამენტი, ისე ინსტრუქციების პაკეტი და სისტემა დამოუკიდებელი ერთეულის სახით განაგრძობს ფუნქციონირებას. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი პასუხისმგებელი იქნება სისტემის სხვა რეგიონებში დანერგვასა და გაფართოვებაზე, ასევე სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის სრულფასოვან ფუნქციონირებაზე. გარდა ამისა, სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის სპეციალისტების მიერ გეოფიზიკის ინსტიტუტისა და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდება სისტემაში ტექნოლოგიური და მეთოდოლოგიური სიახლეების ათვისება, ხოლო დელტა, თავის მხრივ, განახორციელებს ამ სიახლეების დანერგვის ტექნიკურ მხარდარდაჭერასა და ხელშეწყობას.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.