დელტა
სიახლეები
დედოფლისწყაროში განახლებული საუტილიზაციო ბაზა გაიხსნა 
გამოქვეყნების თარიღი:
22/05/2023

დედოფლისწყაროში დღეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, განახლებული საუტილიზაციო ბაზა საზეიმოდ გაიხსნა, სადაც სამომავლოდ უტილიზაციის არსებული წარმადობა გაიზრდება. ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხაინდრავა, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის ,,დელტას“ გენერალური დირექტორი იოსებ ლოლაძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სლოვენიის საერთაშორისო ორგანიზაციის ITF-ის დირექტორი ტომაჟ ლოვრენჩი.

პროექტის – „ფიზიკური უსაფრთხოება, საბრძოლო მასალების მარაგების და კონვენციური შეიარაღების განადგურების მართვა საქართველოში“ ფარგლებში, საუტილიზაციო ბაზა, საერთაშორისო კომპანია ITF-ის შუამდგომლობით, აშშ-ის მხარდაჭერითა და დაფინანსებით აშენდა. იგეგმება „დელტას“ მიერ მაღალი წარმადობის დანადგარების წარმოება/ბაზის აღჭურვა, ასევე ვადაგასული, ჩამოწერილი საბრძოლო მასალების უსაფრთხო უტილიზაცია/დემილიტარიზაცია.

​2021 წელს თავდაცვის სამინისტრომ სლოვენიის რესპუბლიკის ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერების სატრასტო ფონდთან (ITF) ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა პარტნიორობას ვადაგასული, პირველადი დანიშნულებით გამოუსადეგარი და შესაბამისი ორგანოს მიერ ჩამოწერილი საბრძოლო მასალების დემილიტარიზაციას.

CC BY 4.0 This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.