7 ნოემბერს სსსტც ,,დელტას,, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის კურსანტები და ინსტრუქტორები ესტუმრნენ.
სამხედრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები თბილისის საავიაციო ქარხნის ისტორიას გაეცნენ, შემდეგ კი საწარმოში ,,დელტას,, მიერ შექმნილი ქართული შეიარაღების სხვადასხვა ნიმუშები დაათვალიერეს.
ლეგიონი საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელს ატარებს და მოზარდების სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას ემსახურება.
This work is licensed under a Creative Commons Attribution 4.0 International License.
M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების მიზნით, ახალი ქართულ-ებრაული საწარმო სსსტც „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოს ამოქმედდება. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ებრაული კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს მოაწერეს ხელი.
„დელტას“ პატრონაჟით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საწარმოში M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი წარიმართება.
M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო.
სამომავლოდ განიხილება საწარმოს ფუნქციური დატვირთვის გაზრდა და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოება. ასევე, საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობა. პროექტის მიხედვით, საწარმოში დამზადებული იარაღი თავდაცვის ძალებს გადაეცემა. ასევე, დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება.
სსსტც „დელტას“ დღეიდან ზურაბ ჯაველიძე უხელმძღვანელებს. ახალი დირექტორი თანამშრომლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ წარუდგინა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით განხორციელებულ და დაწყებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მალე „დელტაში“ რამდენიმე საერთაშორისო ერთობლივი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას. უკვე ყოფილ თანამშრომლებს მიესალმა ზურაბ აზარაშვილიც, რომელიც „დელტას“ ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოადგილეა. მან თანამშრომლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, ახალ ხელმძღვანელს კი, გუნდთან ერთად დაწყებული პროექტების წარმატებით დასრულება უსურვა.
ზურაბ ჯაველიძე პროფესიით ენერგეტიკოსი და საბანკო საქმის სპეციალისტია. „დელტას“ ხელმძღვანელად დანიშვნამდე მას შპს „კავკასენერგოს“ გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა, სხვადასხვა დროს მუშაობდა სს „საქენერგორემონტსა“ და სს „ენერგომონტაჟრემონტში“ ხელმძღვანელ პოზიციებზე.
თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, სუ-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. სუ–25 ტიპის თვითმფრინავის აღდგენა-მოდერნიზაცია სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტა“-ს ერთობლივი თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა.
სუ-25 ტიპის თვითმფრინავის აღნიშნული მოდიფიკაცია ორმაგი დანიშნულებისაა, რაც იძლევა საბრძოლო და სასწავლო ფრენების განხორციელების შესაძლებლობას. ყოველ მომდევნო საფრენ აპარატებზე შემდგომი საგამოცდო ფრენები ეტაპობრივად, ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.
სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენის აეროდრომზე განახლებული საფრენი აპარატის საცდელ ფრენას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დაესწრნენ.
თავდაცვის ძალების ავიაციის პარკის განახლების პროექტი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო და წარმატებით მიმდინარეობს. ავიაციის განვითარების მიზნით, 2020 წლის ივლისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავის მოდერნიზაციასა და კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს.
ავიაციის პარკის განახლების აქტიური ფაზა 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო და თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების კაპიტალური რემონტი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან. პირადი შემადგენლობის მომზადება როგორც ადგილზე, ასევე მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით მიმდინარეობს
სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" - ქართული სამხედრო მრეწველობა